რა თანხას მოითხოვს “იუვენტუსი” რონალდუს სანაცვლოდ?
დღეს გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ტურინის “იუვენტუსის” თავდამსხმელმა კრიშტიანუ რონალდუმ ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში შესაძლოა, გუნდი დატოვოს.
იტალიური მედიის თანახმად, “ბებერი სინიორას” ხელმძღვანელობა პორტუგალიელ ფეხბურთელს უახლოეს პერიოდში შეხვდება და მის მომავალზე დაელაპარაკება. “კორიერე დელო სპორტი” წერს, რომ ტრანსფერზე დაყენების შემთხვევაში, “იუვენტუსი” რონალდუს სანაცვლოდ მინიმუმ 29 მილიონ ევროს მოითხოვს, რათა ფინანსური ზარალი თავიდან აირიდოს.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, 36 წლის ფეხბურთელის აგენტი ჟორჟე მენდეში მადრიდის “რეალის” პრეზიდენტ ფლორენტინო პერესს შეხვდა და “სამეფო კლუბში” რონალდუს შესაძლო დაბრუნების საკითხი განიხილა. აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით კომენტარის გაკეთება “რეალის” მთავარ მწვრთნელ ზინედინ ზიდანსაც სთხოვეს.
შეგახსენებთ, რომ კრიშტიანუ რონალდუ “რეალის” ღირსებას 2009-დან 2018 წლამდე იცავდა, რა დროის განმავლობაშიც 15 ტიტული დაისაკუთრა: ორ-ორჯერ მოიგო ესპანეთის ჩემპიონატი, თასი და სუპერთასი, ოთხჯერ გახდა ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული, ორჯერ უეფას სუპერთასს დაუფლა, სამჯერ კი საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატი მოიგო.
კრიშტიანუ რონალდუსა და “იუვენტუსს” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.
პორტუგალიელმა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში ყველა საკლუბო ტურნირზე ერთად ჩატარებულ 32 მატჩში 27 გოლი გაიტანა და ოთხი შედეგიანი გადაცემა მიითვალა.