რაბიომ “პარი სენ-ჟერმენს” ლიგა 1-ის მესვეურებთან უჩივლა
“პარი სენ-ჟერმენსა” და ადრიენ რაბიოს შორის არსებული კონფლიქტი კიდევ უფრო მწვავდება. ფრანგი ფეხბურთელი არ აპირებს უბრძოლველად შეეგუოს კლუბის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას მისი დუბლებში გადაყვანის თაობაზე.
შეგახსენებთ, რომ 23 წლის რაბიო სეზონის პირველ ნახევარში “ბარსელონასთან” აწარმოებდა მოლაპარაკებებს და სწორედ ამ მიზეზით მან უარი განაცხადა “პარი სენ-ჟერმენთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე, რამაც კლუბის უფროსები განარისხა.
UNFP, ორგანიზაცია, რომელიც საფრანგეთში მოთამაშე ფეხბურთელების ინტერესებს იცავს, ამ საქმის გამოძიების შემდეგ აცხადებს, რომ “პსჟ”-ს არანაირი უფლება არ გააჩნია რაბიო დუბლებში ათამაშოს.
“პარი სენ-ჟერმენმა” ადრიენ რაბიო ძირითად გუნდში სასწრაფოდ უნდა დააბრუნოს. წინააღმდეგ შემთხვევაში კლუბს გარკვეული სანქციები დაეკისრება. მათ არ აქვთ უფლება რაბიოს, ისევე როგორც ბენ არფას, რეზერვში თამაში აიძულონ,” – აცხადებს ზემოთ აღნიშნული ორგანიზაციის სპიკერი ბარკალტერი.