რადისონ ბლუ (საქართველო) საქართველოს რაგბის კავშირის მხარდამჭერი გახდა
ოთხშაბათს, 23 ივლისს, „რადისონ ბლუმ“ (საქართველო) და საქართველოს რაგბის კავშირმა პარტნიორობის მემორანდუმი გააფორმეს. როგორც ორივე მხარე აცხადებს, ეს არის გრძელვადიანი და ნაყოფიერი თანამშრომლობის დასაწყისი, რომლის ფარგლებშიც არაერთი საინტერესო პროექტი განხორციელდება.
„ჩვენ ვიყენებთ ნებისმიერ შანსს, შევიტანოთ წვლილი იმ ქვეყნის საზოგადოების განვითარებაში, სადაც სასტუმროებს ვამუშავებთ. რაგბი საქართველოში სპორტის ყველაზე წარმატებული სახეობაა. სწორედ ამიტომ, გადავწყვიტეთ, რომ ქვეყნის ლიდერი სასტუმროების ქსელის სახელი ყველაზე წარმატებულ სპორტთან დაგვეკავშირებინა,“- განაცხადა ბერნარდ თომასმა, „რადისონ ბლუ ივერიის“ აღმასრულებელმა მენეჯერმა.
„მინდა მადლობა გადავუხადო რადისონ ბლუს. ჩვენთვის დიდი მნიშვნელობა აქვს ასეთ ცნობილ და წარმატებულ ბრენდთან ურთიერთობას. იმედი მაქვს, რომ ეს თანამშრომლობა გაღრმავდება და უფრო ბევრ ასპექტს მოიცავს მომავალში. მიმაჩნია, რომ ეს კარგი მაგალითი და მოტივაციაა სხვა კომპანიებისათვის და ვიმედოვნებ, რომ კერძო სექტორი უფრო აქტიურად ჩაერთვება ქართული რაგბის მხარდაჭერაში“ – განაცხადა გიორგი ნიჟარაძემ, საქართველოს რაგბის კავშირის პრეზიდენტმა.
Rugby.GE