რაგბი ევროპა | ბორჯღალოსნების მესამე გამარჯვება
2017 წლის რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნებმა ზედიზედ მესამე გამარჯვება მოიპოვეს. მედინა დელ კამპოში ‘უხერხულ’ მეტოქე ესპანეთს ეწვივნენ და 20:10 სძლიეს.
‘ლომები’ სამშობლოში მუდამ განსაკუთრებული მონდომებით თამაშობენ და ბორჯღალოსნებსაც დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს. ისინი კარგად შლიდნენ ბურთს და სისწრაფის ხარჯზე ცდილობდნენ უპირატესობის მოპოვებას, აქტიურობდნენ რაქებში და ქართველ მორაგბეებს პრობლემებს უქმნიდნენ.
განსხვავებული სტილით
თავის მხრივ განსხვავებული სტილით ითამაშეს ბორჯღალოსნებმა. მილტონ ჰეიგის შეგირდებმა უარი თქვეს ცნობილი ქართული მოლის გამოყენებაზე და ყველა დერეფნის შემდეგ ხელდახელ ცდილობდნენ იერიშის გაშლას. ამან რამდენჯერმე გაამართლა და მწვავე შეტევებიდან ორი ლელოთი დასრულდა.
მეტოქის ძალის გათვალისწინებით ჰეიგმა ‘ლომებთან’ თამაშისთვის რამდენიმე ლიდერს უხმო – მეორე ხაზში გიორგი ნემსაძეს კოტე მიქაუტაძე შეუწყვილდა; აღსდგა ძირითადი ღერძი – ვასილ ლობჟანიძისა და ლაშა ხმალაძის დუეტი; დაბრუნდნენ კვაჭები – ჯაბა ბრეგვაძე და შალვა მამუკაშვილი, თუმცა ეს ბადრი ალხაზაშვილისა და გიორგი ჭყოიძის ტრავმებმა განაპირობა; ტრავმა მოიშუშა და გუნდს დაუბრუნდა დავით კაჭარავა. თამაშს დანატრებულმა შუამარბმა ესპანელებს რამდენიმე მომაკვდინებელი ბოჭვა უსახსოვრა.
პარალელურად ჰეიგი ახალი ხალხის გამოცდას განაგრძობს და შერკინების მესამე ხაზში ოთარ გიორგაძემ ითამაშა; შეცვლაზე ითამაშა და მეორე კეპი მოიხვეჭა გიორგი ცუცქირიძემ; ახალბედები იყვნენ ბურჯები, ხოლო ხაზის მოთამაშეთაგან ორს დებიუტი ჰქონდა. სოსო მათიაშვილმა თამაში სასტარტო შემადგენლობაში დაიწყო და დებიუტი ლელოთი “დაასველა”. ტრავმირებული კაპიტანის, მერაბ შარიქაძის ნაცვლად შეცვლაზე პირველსავე ტაიმში შევიდა ბადრი ლიპარტელიანი, რომელიც 250-ე ბორჯღალოსანი გახდა.
ანგარიში ესპანელებმა მატჩის დებიუტში ჯარიმით გახსნეს. ბორჯღალოსნებმა ტერიტორიული და სათამაშო უპირატესობა მოიპოვეს, თუმცა მეტოქემ თავი კარგად დაიცვა და მერაბ კვირიკაშვილმა წონასწორობა მხოლოდ 22-ე წუთზე აღადგინა. ამას ქართველთა შეცდომები მოყვა, რითაც ‘ლომებმა’ ისარგებლეს და რაგბი ევროპის წლევანდელ გათამაშებაში პირველი ლელო დაგვიდეს. მიზანს მეორეხაზელი ნგავინდი მიწვდა, ლინქ’ლეითერმა გარდასახა და ტაიმი 10:3 დასრულდა.
შესვენების შემდეგ ბორჯღალოსნები მოედანზე უფრო მობილიზებული გავიდნენ და ეს შედეგზე მალევე აისახა.
44-ე წუთზე დერეფნიდან გათამაშებული კომბინაციის შემდეგ ლელოში შალვა მამუკაშვილი შეფრინდა, თუმცა ბურთის დამიწებამდე ფეხი გვერდით ხაზს შეახო; ორიოდე წუთში კვირიკაშვილმა ხაზი გაჭრა, მათიაშვილმა კარგად იარა, ლობჟანიძემ ჯარიმა სწრაფად გაითამაშა, ხმალაძემ მცველები ცრუმოძრაობაზე გამოიჭირა და შებოჭილმა ბურთი ცალი ხელით ძელებსშუა დაამიწა, თუმცა რეფერიმ ჩათვალა, რომ ბოლო მომენტში ლაშამ ბურთზე კონტროლი დაკარგა.
1 წუთში ლელო მაინც გავიდა – დერეფნიდან კარისკენ რამდენიმე დარტყმის შემდეგ, ლობჟანიძემ შეტევის მიმართულება შეცვალა, გიორგი თხილაიშვილმა პირველი მბოჭავი კონტაქტით ჩამოიცილა, მეორეს დაუსხლტა და წყალგაუვალი ლელო დადო. კვირიკაშვილმა გარდასახვით ანგარიში გაათანაბრა – 10:10.
58-ე წუთზე ბორჯღალოსნები მატჩში პირველად და საბოლოოდ დაწინაურდნენ. კვირიკაშვილმა მცველების ზურგსუკან ცარიელი სივრცე შენიშნა და ბურთი შეაცურა, მას დებიუტანტი მათიაშვილი მიყვა, აიტაცა და ალამთან შეხტა. კვირიკაშვილმა რთული პოზიციიდან გარდასახა.
ესპანელები მოვლენების ასეთ განვითარებას არ შეეგუენ და მწვავედ შეგვიტიეს. დაახლოებით 10 წუთი თამაში ჩვენ 22-ის ხაზთან მიმდინარეობდა, ბორჯღალოსნებმა თავის დაცვა მოახერხეს, მერე შერკინებაში იმძლავრეს, საბალა სინბინითაც დაისაჯა და სიტუაცია განიმუხტა. რადგან დრო იწურებოდა და ბონუს ქულისთვის თამაში აღარ გამოდიოდა, თანაც მეტოქეს მხოლოდ ერთი გარდასახული ლელოთი ვჯობნიდით, კვირიკაშვილმა 78-ე წუთზე ჯარიმა კარში დაარტყა და საბოლოო შედეგი დააფიქისრა – 20:10.
მატჩის მიმოხილვა | ლელოები