რაგბი ევროპა | საქართველო – გერმანია
მსოფლიო რაგბის წესებით, თამაშამდე ორი დღით ადრე, ბორჯღალოსანთა მთავარმა მწვრთნელმა მილთონ ჰეიგმა გუნდის სამატჩო, 23 კაციანი რაზმი გაასაჯაროვა, რომლითაც საქართველოს ნაკრები 19 თებერვალს 15 საათზე, რუსთავის სარაგბო სტადიონზე გერმანიას ერკინება.
შეჯიბრი წინა უქმეებზე დაიწყო. სტარტზე საქართველომ ბელგიას სტუმრად, ბონუსით, 31:6 მოუგო და ტურნირს ერთ-პიროვნულად ლიდერობს, ხოლო გერმანიამ შინ, სენსაციურად, 41:38 დაამარცხა ჩვენი ძველი მეტოქე, რუმინეთი
სამი ახალბედა
ჰეიგი თებერვალში ნაკრების ბირთვს ასვენებს და ახალბედებს ცდის. ბელგიასთან ოთხმა დებიუტანტმა მიიღო პირველი, ღვინისფერი კეპი, და საქმესაც ეგეთი პირი უჩანს, რომ რუსთავში კიდევ სამი ჭაბუკის ნათლობა შედგება – ჰავბექი გელა აფრასიძე, ბურჯი ლაშა ტაბიძე და მესამეხაზელი გიორგი მჭედლიშვილი მარქაფაში სხედან
ბელგიის აქეთ სამი სიახლეა დამწყებ 15-ეულშიც: შეიცვალა ორივე ბურჯი – მარქაფიდან დაწინაურდნენ საფრანგეთში მოთამაშე ლეგიონერები – თორნიკე მატარაძე და სოსო ბეკოშვილი, გუნდს კი დაგეზავს ‘ბაგრატის’ 10 ნომერი რევაზ ჯინჭველაშვილი
მეკო – 100 კეპი!
კაპიტანი კვლავაც მერაბ შარიქაძეა. თადარიგში ორი გამოცდილი მგეზავი – ლაშა მალაღურაძე და ლაშა ხმალაძე გვიზის, სხვამხრივ რიგით მატჩს კი ეშხს ჰმატებს ის, რომ მეასე კეპს -‘ბორჯღალოსანთა’ 29-წლიან ისტორიაში პირველი – მიითვლის ვეტერანი და საქართველოს საუკეთესო მექულე, 15 ნომერი მერაბ კვირიკაშვილი, რითაც მსოფლიო მასშტაბით 43-ე ‘ცენტურიონი’ შეიქმნება.
სტატისტიკა
ტესტი ჩვენი ნაკრებისთვის რიგით 197-ეა:
119 მოგება – 70 წაგება * 7 ფრე; ქულა +943, ლელო +172 რაგბი ევროპაზე 70-12*4 (ქ +1593, ლ +263)
გერმანიასთან კი 5-ჯერ გვითამაშია და ყოველთვის მოგვიგია, ჯამში 252:26 (ლ 37/3)