რაგბი ევროპის 2016 წლის სეზონი იწყება
მსოფლიო თასის დასრულების შემდეგ თბილისში „დიდი რაგბის“ დროც დადგა. 6 თებერვალს ევროპაში სანაკრებო რაგბის ახალი სეზონი იღებს სტარტს. ბობოლები დიდ 6 ერს შეუდგებიან, ხოლო ჩვენ რაგბი ევროპის მორიგ, მე-17 სეზონში ჩავერთვებით.
შარშან საქართველომ მეოთხედ იასპარეზა მსოფლიო თასზე, მოწინავე 12-ეულში შევიდა და 2019 წელს, იაპონიაში ასპარეზობა ახლავე დაიბევა. ეს ნიშნავს, რომ ‘რაგბი ევროპა’ ჩვენთვის შესარჩევი ტურნირი აღარაა, რის გამოც უწინდელზე უფრო თამამად შეგვეძლება ვატაროთ ექსპერიმენტები და ახალგაზრდობა გამოვაწრთოთ, მაგრამ საქმეც ეგაა, რომ მიღწეულსაც შენარჩუნება ჭირდება და ამდენად, ქომაგობა გუნდისგან მხოლოდ გამარჯვებას ითხოვს.
ავჭალა, მესხი, დინამო
წლეულს შინ სამ მატჩს ვატარებთ. 6 თებერვალს გერმანიას ავჭალაში ვუმასპინძლებთ. მატჩი 14 საათზე დაიწყება (ფასი 5 ლარი). პირველ თამაშზე ბილეთები დაუნომრავი იქნება, ამიტომ ვინც თადარიგს დაიჭერს და სტადიონზე ადრე მივა, უკეთეს ადგილს დაიკავებს. ბილეთების გაყიდვის თარიღი კვირის ბოლომდე დაანონსდება.
მეორე საშინაო რკენაში ესპანეთვს 27 თებერვალს ვუმასპინძლებთ. მატჩი მიხეილ მესხკის სტადიონზე გაიმართება, ხოლო რაგბი ევროპის წლევანდელი სეზონის ბოლო მატჩში 19 მარტს, ჩვენი ნაკრები თბილისში, ტრადიციულად მთავარ კონკურენტს – რუმინეთს ეთამაშება – ბორჯღალოსნები მუხებს დინამო არენაზე ერკინებიან. აქვე დიდი მადლობა გვინდა გადავუხადოთ საქართველოს ფეხბურთის ფედერაციასა და საფეხბურთო კლუბ დინამოს მხარდაჭერისათვის.
სამივე საშინაო მატჩის შუალედებში, ბორღალოსნები გასვლაზე ორ შეხვედრას, პორტუგალიისა და რუსეთის წინააღმდეგ გამართავენ. გერმანიის შემდეგ ნაკრები ლისაბონში გაემგზავრება, სადაც 13 თებერვლას პორტუგალია გვიმასპინძლებს, ხოლო რუსეთი სოჭში 12 მარტს დაგვიხვდება. რაგბი ევროპის წლევანდელი სეზონის 5-ვე მატჩს საქართველოს საზოგადოებრივი მაუწყებელი პირდაპირ ეთერში შემოგვთავაზებს.
წლის პირველი შეკრება
წლევანდელი გათამაშებისთვის მზადებას ბორჯღალოსნები 1 თებერვალს, ტრადიციულად შევარდენის სანაკრებო ბაზაზე შეუდგებიან. ჰეიგმა და სამწვრთნელო შტაბმა პირველი ორი შეხვედრისათვის გაფართოებულ რაზმში 30 მორაგბეს უხმო – „წარმატებული მსოფლიო თასის შემდეგ, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ეს ტემპი შევინარჩუნოთ და ყველა მატჩზე შესაბამისი განწყობით გავიდეთ, რათა მთელს მსოფლიოს ვანახოთ, რომ პროგრესის შენარჩუნება და თანმიმდევრობა შეგვიძლია. შესაბამისად მნიშვნელოვანია, რომ პირველი მატჩიდანვე აქცენტი, როგორც გამოცდილებაზე, ასევე ახალბედა მოთამაშეებზე გავაკეთოთ. აქედან გამომდინარე პირველი ორი მატჩისთვის შერჩეულთა უმეტესობამ გასულ მსოფლიო თასზე ითამაშა.“ განაცხადა მილთონ ჰეიგმა.
პირველ ხაზში ახალი სახეა
მარცხენა ბურჯებად მიხეილ ნარიაშვილსა და კარლენ ასიეშვილს ვიხილავთ, რომლებმაც მსოფლიოს მერე თავიანთ კლუბებში, შესაბამისად მონპელიესა და ბრივში, საკმაო სათამაშო დრო დაუგროვდათ. კვაჭებს რაც შეეხებათ შალვა მამუკაშვილთან ერთად ზურა ჟვანიას უხმეს – „სამწუხაროა, რომ წინა სატურნირო მატჩზე მიღებული ტრავმის გამო ზურამ მსოფლიო თასი გამოტოვა, რაც ჩემთვისაც და მისთვისაც საკმაოდ საწყენი იყო. დარწმუნებული ვარ, რომ ეთამაშა, იგი თავს ყველას დაამახსოვრებდა. ამ სეზონზე მას დერეფნებზე ვამუშაბეთ და თუ საჭირო გახდა 1 ნომერის პოზიციაზეც ითამაშებს“ დასძინა ჰეიგმა.
მარჯვენა ბურჯებად გერმანიასთან და პორტუგალიასთან ჰეიგმა ანტონ ფეიქრიშვილს უხმო. მასთან ერთად პირველი სანაკრებო კეპის მოხვეჭის შესაძლებლობა 20-წლამდე ბორჯღალოსნების ერთ-ერთ გამორჩეულ მორაგბეს, მსოფლიო ალაფის გამარჯვებულს, ფრანგული სტად ფრანსეს გიორგი მელიქიძეს ეძლევა – „ჩვენ მას ალაფის შემდეგ ვაკვირდებოდით, სადაც მან საუცხოოდ იასპარეზა. მისი სიძლიერე, როგორც სტატიკაში ასევე ღია თამაშში კარგად სჩანს და რაქებშიც საუცხოოა. მან ტოპ 14-ში უკვე რამდენიმე მატჩი ითამაშა და მიმაჩნია, რომ იმსახურებს შანსს.“ მელიქიძის დახასიათებისას აღნიშნა ბორჯღალოსნების თავკაცმა.
ჰეიგმა ასევე აღნიშნა, რომ პირველ ორ ტურში იგი დაასვენებს ჩილაცავას, ხოლო პორტუგალიისთვის შესაძლოა უხმოს დუდუ ქუბრიაშვილს.
გამოცდილი მეორე და მესამე ხაზი
მხტომელებად ჰეიგს გამოცდილი მოთამაშეები მოყავს. მეორე ხაზში გიორგი ნემსაძე და გიორგი ჩხაიძე გამოიძახა. „ნემსაძემ შესანიშნავად ითამაშა მსოფლიო თასზე, რამდენჯერმე საუცხოოდ გაჭრა ხაზი და დაცვაშიც ძალიან კარგი იყო. ის და ჩხაიძე საკმაოდ გამოცდილნი არიან, რაც ზემოთაღნიშნული ტემპის შენარჩუნებასა და გაგრძელებაში უდაოდ დაგვეხმარება.“ დასძინა ჰეიგმა.
გიორგი ჩხაიძესთვის, რომელსაც ზურგს 86 სანაკრებო კეპი უმაგრებს, გასულო მსოფლიო თასი მეოთხე იყო. მის მსგავსად ვეებერთელა გამოცდილება ბორჯღალოსანთა ყველა დროის მექულეს, მერაბ კვირიკაშილსაც აქვს, რომელმაც ასევე მეთხე მსოფლიოზე ითამაშა და ჩხაიძეზე 2-ით მეტი, 88 კეპი აქვს – „არ გამოვრიცხავ, რომ მათი კარგი თამაშით ჩხაიძემ და კვირიკაშვილმა 100 კეპი დააგროვონ და ამით ქართულირ რაგბის ისტორიაში შევიდნენ“
მესამე ხაზში გიორგი თხილაიშვილს, ლაშა ლომიძესა და შალვა სუთიაშვილს ვიხილავთ. მათ გარდა კი ჰეიგი ორ ახალბედა ბორჯღალოსანს, საბა შუბითიძესა და ბექა გორგაძეს ენდო. მთავარი მწვრთნელის თქმით, ორივე მორკინალმა კარგად ითამაშა თბილისის თასზე და წინა სამსოფლიო შეკრებაზეც გამოირჩეიდნენ.
9 ნომრები უცვლელად
ტურნირს ჰავბექების იგივე შემადგენლობით ვიწყებთ, რომლითაც მსოფლიოზე წავედით. ჰეიგმა მსოფლიო თასების ისტორიაში ყველაზე ახალგაზრდა მორაგბედ შესულ ვასილ ლობჟანიძე, გიორგი ბეგაძე და ვაჟა ხუციშვილი გამოიძახა.
ხმალაძე დაბრუნდა
მსოფლიო თასისთვის ბორჯღალოსანთა შემადგენლობა, რომ დასახელდა, სამწვრთნელო შტაბმა ლაშა ხმალაძე ვიცე-კაპიტნად დაასახელა. სამწუხაროდ კანადასთან საკონტროლო მატჩში მან ფეხის ტრავმა მიიღო და ტურნირის გამოტოვება მოუწია. ხანგძლივი რეაბილიტაციის შემდეგ ხმალაძემ ლელო-სარასენსის შემადგენლობაში უკვე ითამაშა და ნაკრებისთვისაც მზადაა. მეორე მგეზავი ლაშა მალაღურაძეა, რომელმაც მსოფლიოზე ბორჯღალოსნების ოთხივე მატჩში მიიღო მონაწილეობა და ნამიბიის წინააღმდეგ გადამწყვეტი ლელო დაამიწა.
გამოცდილი შუამარბები
12 და 13 ნომრებზე მერაბ შარიქაძესა და დავით კაჭარავას ტანდემს ვიხილავთ. თამაზ მჭედლიძე ფრთაზე ითამაშებს, თუმცა საჭიროების შემთხვევაში, ჰეიგი მას ცენტრად მოისაზრებს – „მსოფლიო თასზე მჭედლიძემ დიდი პროგრესი განიცადა. მან თამაშიდან თამაშამდე უმატა და ნამიბიასთან შეუდარებელი იყო. კაჭარავასა და შარიქაძის სიძლიერეზე ბევრის თქმა შეიძლება…“
ფრთებზე მჭედლიძესთან ერთად ალექსანდრე თოდუა და გიორგი ფრუიძე გაირჯებიან – „ფრუიძემ მნიშვნელოვნად მოუმატა თამაშის ხარისხს და რომ არა ვარჯიშზე მიღებული ტრავმა იგი აუცილებლად ითამაშებდა ‘ოლ ბლექსის’ წინააღმდეგ“
მერაბ კვირიკაშვილზე ზემოთ ავღნიშნეთ. ფულბეკებათ მის გარდა ზელანდიასთან ისტორიული ლელოს ავტორს, ბექა წიკლაურსა და ახალგაზრდა, მაგრამ უკვე გამოცდილ გიორგი აფციაურს ვიხილავთ.
ჰეიგმა შეკრებაზე რეზერვად ოთხ მორაგბეს უხმო დიდი 10-დან: გიორგი მჭედლიშვილი (ჯიქი), რეზი ჯინჭველაშვილი (აია), მურაზ გიორგაძე (არმაზი) და ნოდარ ჭეიშვილი (ლელო სარასენს)
შენიშვნა: რაგბი ევროპის ჩემპიონატზე ბორჯღალოსნების კაპიტანი გუნდის შეკრებაზე შესვლის შემდეგ დასახელდება
ბორჯღალოსნების გაფართოებული შემადგენლობა
უკანა ხაზი (ბექები)
Rugby.GE