რაიან გიგზი: “ემანუელ პეტი არ მომწონდა, რადგან გრძელი თმა ჰქონდა”
“მანჩესტერ იუნაიტედის” ლეგენდარულმა ნახევარმცველმა, რაიან გიგზმა 1998-99 წლებში ლონდონის “არსენალთან” დაპირისპირებები გაიხსენა. უელსელის თქმით, მაშინ “იუნაიტედის” ფეხბურთელებისათვის “მეთოფეებთან” დაპირისპირება ყველაზე პრინციპული იყო.
“არსენალი” არ მომწონდა. არ მომწონდა ვიეირა, რადგან ის ბინძური მოთამაშე იყო. არ მომწონდა პეტი, რადგან მას გრძელი თმა ჰქონდა. არც ბერგკამპი მომწონდა. პირესიც არ მომწონდა. შესაძლოა, ახლოს რომ გამეცნო, კარგი პიროვნება ყოფილიყო, მაგრამ მათი გაცნობა საერთოდ არ მინდოდა. ჩემ თავს იმის უფლებას ვერ მივცემდი, რომ ისინი დამეფასებინა.
ბერგკამპი? ჩემ თავს ვეუბნებოდი, რომ ის ერიკ კანტონასავით კარგი ფეხბურთელი არ ყოფილა. სიმართლე გითხრათ, ეს ჩემი ნამდვილი პიროვნება არ ყოფილა, მაგრამ როცა ასე ვფიქრობდი, მათთან სათამაშოდ მოტივაცია მემატებოდა. ჩვენთვის მათთან დაპირისპირება ბევრს ნიშნავდა. იმ პერიოდში, “არსენალის” წინააღმდეგ თამაშს უფრო დიდ ყურადღებას ვაქცევდით, ვიდრე “ლივერპულთან” შეხვედრებს”, – განახადა გიგზმა.