რაიან სესენიონმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოში ჩააბარა
ინგლისელთა ამომავალმა ვარსკვლავმა, “ფულჰემის” გარემარბმა, რაიან სესენიონმა სკოლის გამოსაშვები გამოცდები საქართველოში ყოფნის დროს ჩააბარა. ეს ინფორმაცია, 17 წლის ფეხბურთელის ყოფილმა მასწავლებელმა, დევიდ სმიტმა გამოცემა “სანს” დაუდასტურა.
როგორც იცით, 2017 წლის ზაფხულში საქართველოში ევროპის 19-წლამდე ჩემპიონატი გაიმართა, რომელიც ინგლისის ნაკრების გამარჯვებით დასრულდა. ინგლისელთა ერთ-ერთი ლიდერი რაიან სესენიონი იყო, რომელმაც ტურნირზე სამი გოლი გაიტანა და ერთ-ერთი ბომბარდირი გახდა.
ევროპის ჩემპიონატის მიმდინარეობისას, სესენიონს სკოლის გამოსაშვები გამოცდები უნდა ჩაებარებინა, ამისათვის მისი სკოლიდან საქართველოში ბრიტანეთის საკონსულოს დაუკავშირდნენ.
“ის სწავლობდა, ვარჯიშობდა და თამაშობდა. როცა გამოსაშვები გამოცდები დაიწყო, სესენიონი ევროპის ჩემპიონატზე იმყოფებოდა. რაიანმა რამდენიმე გამოცდა საქართველოში ყოფნისას, ბრიტანეთის საკონსულოში ჩააბარა”, – ციტირებს სმიტის სიტყვებს “სანი”.
შეგახსენებთ, რომ რაიან სესენიონი ინგლისის ჩემპიონშიპის 2017-18 წლების სეზონის საუკეთესო მოთამაშედ დაასახელეს. იგი 2000-იან წლებში დაბადებული პირველი მოთმაშეა, რომელმაც ინგლისის საფეხბურთო ლიგებში, პროფესიონალურ დონეზე გოლის გატანა მოახერხა. ცნობილია, რომ 17 წლის გარემარბის შეძენა “ტოტენჰემს”, “მანჩესტერ იუნაიტედსა” და “ჩელსის” სურთ.