რაიოლა: “ბალოტელის თაობაზე “იუვეს”, “რომას”, “ნაპოლისა” და “ინტერს” ვესაუბრე”
მარიო ბალოტელის აგენტმა მინო რაიოლამ იტალიელი ფეხბურთელისთვის ახალი კლუბის ძიება დაიწყო. 27 წლის თავდამსხმელს “ნიცასთან” კონტრაქტი ზაფხულში ეწურება და ფრანგული კლუბი მასთან შრომითი ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.
“მარიო დასაბრუნებლად მზად არის, ის დაღვინდა. ბალოტელი დღესდღეობით მსოფლიოს საუკეთესო თავდამსხმელთა ათეულში შედის, იტალიელთა შორის კი პირველია. მისი ღირებულება ასი მილიონი ევროა. მარიო ზაფხულში თავისუფალი აგენტი გახდება, ამიტომ მისი გაფორმება ძალზედ მომგებიანი ვარიანტია.
მოლაპარაკებას არაერთ ევროპულ კლუბთან ვაწარმოებ. “იუვენტუსთან”, “რომასთან”, “ნაპოლისთან” და “ინტერთან” ბალოტელის თაობაზე უკვე ვისაუბრე. მოლაპარაკება მხოლოდ “მილანთან” არ გამიმართავს, ვინაიდან იქ მირაბელი მუშაობს და მას ვერ შევხვდები, მე მის დონეს ვერ ვაკმაყოფილებ”, – ციტირებს რაიოლას სიტყვებს Football Italia.
მარიო ბალოტელიმ “ნიცას” ფორმით მიმდინარე სეზონში ყველა ტურნირზე ერთად 27 მატჩი ჩაატარა და ოცი გოლი გაიტანა.