ირაკლი ბუღრიძე: “ბევრი ფავორიტად “ტორპედოს” თვლის, თუმცა ყველაფერი მოედანზე გადაწყდება”
ხვალ ეროვნული ლიგის 24-ე ტურს ქუთაისის “ტორპედოსა” და საჩხერის “ჩიხურას” დაპირისპირება დახურავს. გუნდებმა ევროპა ლიგაზე საქართველოს სახელი ღირსეულად დაიცვეს და ეროვნულ ლიგას საკმაოდ გადაღლილები შეხვდნენ. Fanebi.com “ჩიხურას” ერთ-ერთ ლიდერს, ირაკლი ბუღრიძეს დაუკავშირდა და მატჩის წინ კომენტარის გაკეთება თხოვა.
მეტოქის შესახებ
“ტორპედოსა” და “ჩიხურას” დაპირისპირება ყოველთვის დაძაბული და საინტერესოა. ძალიან რთული თამაში გველის, “ტორპედო” ბევრი კარგი ფეხბურთელით გაძლიერდა ზაფხულში და ევროპა ლიგის პლეი-ოფშიც ითამაშა, რაც ნამდვილად რთულად მისაღწევია. შეიძლება, ბევრი მასპინძლებს ფავორიტებად თვლის, მაგრამ ყველაფერი მოედანზე გადაწყდება”.
ევროპა ლიგიდან მძიმე დაბრუნება
“ბოლო 3 თამაშიდან 2 წავაგეთ და 1 ფრე ვითამაშეთ, რაც ნამდვილად ცუდი შედეგია, რომელიც ყველაზე მეტად ევროპა ლიგის თამაშებმა განაპირობა. ზაფხულში გუნდს საერთოდ არ დაუსვენია და ფეხბურთელებს დაღლა დაგვეტყო გადატვირთული გრაფიკის გამო. ვფიქრობ, ხვალინდელ შეხვედრაში თუ სასურველ შედეგს მივაღწევთ, ეს ძალიან დაგვეხმარება ამ სამთამაშიანი ჩავარდნის დავიწყებაში”.
ჩიხურას მიზანი
“ჩვენი გუნდის მიზანი წელს სამეულში გასვლაა და ყველაფერს გავაკეთებთ ამისთვის, რათა“ჩიხურამ” შემდეგ წელსაც ითამაშოს ევროპა ლიგაზე და გულშემატკივრები გაახაროს”.
მატჩი 20:00 საათზე დაიწყება და ყურებას Erovnuliliga.ge-ზე შეძლებთ.