რამდენად შეცვალა დუნგამ “სელესაო”?
ბრაზილიის ნაკრებმა 11 ოქტომბერს კარლოს დუნგას თავკაცობით მესამე მატჩი არგენტინის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ ჩაატარა და ანგარიშით 2:0 გაიმარჯვა.
ჯერჯერობით რთული სათქმელია, რამდენად შეიცვალა “სელესაო” მთავარი მწვრთნელის პოსტზე დუნგას დანიშვნის შემდეგ, თუმცა ფაქტი სახეზეა: სამი ამხანაგური შეხვედრიდან ბრაზილიელებმა სამივე გამარჯვებით დაასრულეს ისე, რომ ბურთი არ გაუშვიათ, თანაც ხელწამოსაკრავი მეტოქე არცერთი არ ყოფილა (კოლუმბია (1:0); ეკვადორი (1:0); არგენტინა (2:0).
აშკარაა, რომ დუნგამ გუნდს მკაცრი ორგანიზებულობა და დისციპლინა შესძინა. ამის დასტურად არგენტინის ნაკრების წინააღმდეგ გამართული შეხვედრიდან ერთ-ერთი ეპიზოდის მოყვანაც შეიძლება: მატჩის მიმდინარეობისას ბრაზილიელებმა აქტიურ პრესინგს მიმართეს, რამაც შედეგი უმალ გამოიღო. ბრაზილიის ნაკრებს არასდროს ახასიათებდა პრესინგზე თამაში, გუნდს ყოველთვის შეტევა უფრო ეხერხებოდა, ვიდრე თავდაცვა და ბურთის ართმევა, თუმცა თანამედროვე ფეხბურთში მიდგომები შეიცვალა. ახლა გუნდებს შორის დონე შედარებით გათანაბრდა და ნაკრები, რომელიც ბურთის ართმევაზე არ თამაშობს და მეტოქეს თავისუფლად მოქმედების საშუალებას აძლევს, დიდწილად განწირულია. ნათქვამია, თამაშს ის გუნდი იგებს, რომელსაც მოედნის ცენტრი უკავიაო და გასაკვირი როდია, რომ დიდი ტაქტიკოსები ყველაზე მეტ ყურადღებას სწორედ მოედნის ამ მონაკვეთზე აკეთებენ. ბურთმა ყველაზე დიდხანს ნახევარდაცვაში უნდა იმოძრაოს და ამ ამპლუაში უმეტესობა უმაღლესი ტექნიკის მქონე ფეხბურთელი უნდა იყოს. პრესინგს რომ დავუბრუნდეთ, ყველასთვს ცნობილია, რომ შეტევა თავდასხმიდან არ იწყება, მის განხორციელებას გაცილებით უკნიდან ეყრება საფუძველი და ხშირად შეტევას მეკარეც კი იწყებს, ამიტომ კიპერზეც საჭიროა პრესინგის განხორციელება, რადგან ასეთ დროს იმ გუნდის დაცვა, რომელსაც ბურთი არ აქვს, შედარებით წინ ლაგდება და მეტოქეს ტერიტორიას ართმევს, მეკარის მიერ შეცდომის დაშვების ალბათობაც იზრდება, ხოლო დიდი ძალებით საკუთარ საჯარიმოსთან განლაგება და მეტოქისთვის სივრცის მიცემა სულ უფრო ნაკლებად ეფექტიანი ხდება. ასე რომ, დუნგამ ბრაზილიელებს ის მოსთხოვა, რაც მათ ყველაზე ნაკლებად უყვართ — ბურთის ართმევა, თუმცა რას იზამ, თანამედროვე ფეხბურთი ასე მოითხოვს, აბა, უპრესინგოდ თამაშმა “სელესაოს” რაც მოუტანა, ეს ყველამ კარგად ვნახეთ მიმდინარე წლის მუნდიალზე.