რამდენი მილიონი აქვს ქუთაისის “ტორპედოს” ფეხბურთელების ვალი?
ქუთაისის “ტორპედო” იტალიელმა ინვესტორმა ფაბიო მანინომ დატოვა, რომელიც გუნდში დიდი პროექტებით და მიზნებით იყო მისული, მაგრამ წავიდა. სამაგიეროდ, როგორც “ტორპედოს” აღმასრულებელი დირექტორი პაპუნა მელაძე საუბრობს, კლუბში რჩებიან იტალიელი ინვესტორები.
“მანინო რეალურად იყო სხვა იტალიელი ინვესტორების ჯგუფის მიერ არჩეული პრეზიდენტი. ცოტა ხნის წინ მოვიდა 2 ადამიანი რწმუნებლის დოკუმენტით და 1 გამეცნო, როგორც გუნდის პრეზიდენტი, მეორე კი ვიცე-პრეზიდენტი. ისეთი გეგმა წარმოადგინეს, ამ ბიუჯეტით სამეულში შესვლა შეგვიძლია. სიტყვიერ დონეზე ყველაფერი კარგად არის, მაგრამ ჯერ თანხა არ ჩარიცხულა და ველით, ჩარიცხვას. იტალიელები ქუთაისში რჩებიან და გუბერნატორსაც შეხვდნენ”, – განაცხადა მელაძემ.
მელაძე თანხის ჩარიცხვაში 800 ათასი ლარის დავალიანების გადახდას გგულისხმობდა, რომელიც გუნდს ფეხბურთელებისა და თანამშრომლების მიმართ აქვს. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ 28 დეკებრამდე თანხის ჩარიცხვა არ მოხდა, “ტორპედომ”, შესაძლოა, ლიცენზირების ეტაპი ვერ გაიაროს და მე-4 ლიგაში გავარდეს.
გარდა ამისა, ცნობილია, რომ ქუთათურებს ჯერ კიდევ სრულიად არ გადაუხდიათ ყოფილი ფეხბურთელების ხელფასები, რაც, დაახლოებით ნახევარ მილიონამდე ლარს შეადგენს, მაგრამ ეს საკითხი დღის წესრიგში არ დგას.