რამოსის ტრანსფერით ევროპული გრანდები ინტერესდებიან
მადრიდის “რეალის” კაპიტანმა, სერხიო რამოსმა, შესაძლოა, კლუბი ზაფხულის სატრანსფერო ფანჯარაზე დატოვოს.
როგორც ცნობილი ხდება (As-ის ინფორმაციით), ესპანელ მცველს კლუბის პრეზიდენტ ფლორენტინო პერესთან გაუფუჭდა ურთიერთობა – პრობლემის მიზეზი ამჯერად ფინანსები არ გახლავთ.
სერხიო რამოსს მსურველები ევროპაში ნამდვილად არ აკლიათ – ინგლისიდან მისი გადაბირების სურვილს “მანჩესტერ იუნაიტედისა” და “ლივერპულის” ხელმძღვანელები გამოთქვამენ.
33 წლის მცველის გადაბირების სურვილი ასევე გამოთქვეს “იუვენტუსის” უფროსებმა. შეგახსენებთ, რომ “ბებერი ქალბატონის” მაისურით რამოსის ყოფილი თანაგუნდელი კრიშტიანუ რონალდუ თამაშობს.
რამოსი მადრიდის “რეალს” 2005 წელს შეუერთდა “სევილიადან” 27 მილიონი ევროს სანაცვლოდ. მას კლუბთან არსებული კონტრაქტი 2021 წელს ეწურება. რამოსის გამოსასყიდ თანხად კონტრაქტში 800 მილიონი ევროა მითითებული, ხოლო ხელფასი – 12.5 მილიონი წელიწადში.