რაფა მარკესი: „პენალტი არ იყო“
2014 წლის მსოფლიოს ჩემპიონატის მერვედფინალურ ეტაპზე ჰოლანდიისა და მექსიკის ნაკრებებს შორის გამართული შეხვედრა დრამატულ ბრძოლაში წარიმართა და „ნარინჯისფერთა“ გამარჯვებით, ანგარიშით 2:1 დასრულდა.
ევროპელებმა შეხვედრა მსაჯის მიერ კომპენსირებულ დროში დანიშნული და კლას-იან ჰუნტელაარის მიერ გატანილი თერთმეტმეტრიანი დარტყმის წყალობით მოიგეს. პენალტი არიენ რობენმა მოიპოვა, რომელიც რაფაელ მარკესთან ორთაბრძოლისას დაეცა საჯარიმო მოედანზე.
მექსიკელთა კაპიტანი აცხადებს, რომ ის ჰოლანდიელთა ლიდერს არ შეხებია, მთავარ არბიტრ პედრო პროენსას კი თერთემეტმეტრიანი დარტყმა არ უნდა დაენიშნა.
„პენალტი არ იყო. მე მას არ შევხებივარ. რობენი თავად წამოეგო ჩემს ფეხს. საბოლოო ჯამში, არბიტრმა თერთმეტმეტრიანის ნიშნულისკენ მიუთითა“, – ციტირებს „მარკა“ მარკესის სიტყვებს.
შეგახსენებთ, რომ ჰოლანდიის ნაკრები ტურნირის მეოთხედფინალურ ეტაპზე კოსტა რიკას დაუპირისპირდება, რომელმაც თავის მხრივ, საბერძნეთის ნაკრები პენალტების სერიაში დაამარცხა. მატჩი 6 ივლისს, თბილისის დროით 00:00 საათზე დაიწყება.