რაფაელ ვარანს “რეალიდან” წასვლა სურს
ესპანური მედიის ცნობით, მადრიდის “რეალის” მცველმა რაფაელ ვარანმა კლუბის ხელმძღვანელობას აცნობა, რომ გუნდიდან წასვლა სურს. ამის შესახებ ფეხბურთელის თანაგუნდელებიც არიან ინფორმირებულნი.
პრესაში გავრცელებული ინფორმაციით, “იუვენტუსის” თავდამსხმელ კრიშტიანუ რონალდუს ვარანის ხილვა სწორედ ტურინულ გუნდში სურს. “რეალი” ფრანგი მცველის სანაცვლოდ მინიმუმ 80 მილიონ ევროს ითხოვს, თუმცა “იუვენტუსი” უარზეა. მხარეები შესაძლო ტრანსფერის თაობაზე მოლაპარაკებას გამართავენ. თავად ვარანს თამაში “მანჩესტერ იუნაიტედში” სურს.
25 წლის ვარანმა მიმდინარე სეზონში “რეალის” რიგებში 35 მატჩი ჩაატარა და ორი გოლი გაიტანა. მას “სამეფო კლუბთან” კონტრაქტი 2022 წლის ზაფხულში ეწურება. სპეციალიზებული ინტერნეტპორტალი Transfermarkt-ი ვარანის სატრანსფერო ღირებულებას 80 მილიონ ევროდ აფასებს.