რაფინია: “20 წუთი მქონდა იმის გადასაწყვეტად, მინდოდა თუ არა “ლიდსში” თამაში”
“ლიდს იუნაიტედის” 24 წლის ნახევარმცველმა, რაფინია დიასმა, პრესასთან თავისი ტრანსფერის ისტორია გაიხსენა. რაფინია “ლიდს” 2020 წლის ოქტომბერში, სატრანსფერო ფანჯრის მიწურულს შეუერთდა.
“ხელმძღვანელებთან მქონდა შეხვედრა, სადაც მითხრეს, რომ “ლიდსიდან” შეთავაზება ჰქონდათ და გადაწყვეტილება მე უნდა მიმეღო. კლუბის დატოვებას თუ გადავწყვეტდი, ჩემთვის ჩარტერული რეისი იყო დანიშნული, რათა ინგლისში სამედიცინო შემოწმების გავლა მომესწრო.
მოგატყუებთ თუ გეტყვით, რომ ადვილი იყო არჩევანის გაკეთება. 20 წუთი მქონდა იმის გადასაწყვეტად, მინდოდა თუ არა “ლიდსში” თამაში. ძალიან რთულია, არა?!
“რენს” ჩემპიონთა ლიგის საგზურის მოპოვებაში დავეხმარე. კლუბი ისტორიაში პირველად ითამაშებდა ამ ტურნირზე და ამ სიამოვნების ხელიდან გაშვება არ მინდოდა. მეორე მხარეს კი იყო შემოთავაზება უდიდესი ტრადიციების მქონე კლუბისგან, რომელიც ახლახან დაბრუნდა პრემიერ ლიგაში.
ინგლისური ფეხბურთი ყოველთვის ძალიან მომწონდა. რაც თავი მახსოვს, პრემიერ ლიგის მატჩებს ვუყურებდი. ინგლისში ძალიან ტრადიციული ჩემპიონატი აქვთ, რაც მხიბლავს. სწორედ ინგლისში თამაშის დაუოკებელმა სურვილმა მიმაღებინა ეს გადაწყვეტილება,” – აცხადებს რაფინია.