რას წარმოადგენს ალბანური “ტირანა”, რომლის საუკეთესო ფეხბურთელი “ლივერპულში” თამაშობდა
ჩემპიონთა ლიგის პირველ საკვალიფიკაციო ეტაპზე “დინამო თბილისი” თბილისში ალბანურ “ტირანას” მიიღებს.
“ტირანა” 1920 წელს დაარსდა და ალბანეთის ჩემპიონობა 25-ჯერ აქვს მოპოვებული. ბოლოს 2008/09 წლების სეზონში დაიკავა პირველი ადგილი და 11 წლიანი პაუზის შემდეგ მოახერხა წლევანდელ წელს გამარჯვება. თასის ფინალში კი “ტეუტასთან” 2-0 დამარცხდა.
გუნდს 47 წლის აფრიკელი ემანუელ ეგბო წვრთნის, რომელიც ჯერ 3 წელი თამაშობდა გუნდში, 2015-19 წლამდე მეკარეების მწვრთნელი იყო და 2019 წლიდან თავკაცი გახდა. ის პირველი აფრიკელი მწვრთნელია, რომელმაც ევროპული ტიტული მოიგო.
“ჩვენ 11 წლის შემდეგ მოვიგეთ ტიტული და ღმერთის დახმარებით, გვსურს ჩემპიონთა ლიგის ან ევროპა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე მოვხვდეთ. ეს ჩვენი მაქსიმუმი იქნება”, – განაცხადა ეგბომ.
კლუბის საუკეთესო ფეხბურთელი 27 წლის მაიკლ ნგოოა, რომელმაც გასულ სეზონში 13 გოლი და 15 საგოლე პასი დააგროვა. ნგოო ინგლისის ნაკრებთან ერთად 20-წლამდეთა მსოფლიო ჩემპიონატზე და 18 წლის ასაკში, “ლივერპულში” თამაშობდა. ის ცენტრალური თავდამსხმელია და სიმაღლეში 1.98-ია. გავრცელებული ინფორმაციით, მაიკლმა უარი განაცხადა “ტირანასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებაზე და ლიგის საკვალიფიკაციო ეტაპის დასრულების შემდეგ, კლუბს დატოვებს.
“ტირანა” უკვე დატოვა კაპიტანმა ერანდო კარაბეჩიმ, რომელიც “ლურჯ-თეთრებში” (“ტირანას” სათამაშო ფერები) 10 წელი ირჯებოდა.
ალბანელების ყველაზე ძვირად ღირებული ფეხბურთელი Transfermarkt-ის მიხედვით, ჩრდილო მაკედონიელი კრისტიან ტოშევსკია 500 ათასი ევროთი. “ტირანაში” არგენტინელი ფორვარდი აუგისტინ ტორასა, ბრაზილიელი ეილტონ კეილი და განელი ვინფულ კობინაჰი ასპარეზობენ. ალბანელთა ამომავალი ვარსკვლავი და დიდი იმედი 19 წლის ერნესტ მუჩია. ისიც ცენტრფორვარდის პოზიციაზეა.
“ტირანას” საერთაშორისო რეიტინგი 0.250-ს შეადგენს და შესაბამისად, “დინამოს” განუთესავთა ბურთულიდან შეხვდა.
“დინამოსა” და “ტირანას” გზები 2003/2004 სეზონში გადაიკვეთა. ჩემპიონთა ლიგის პირველ რაუნდში 16 ივლისს თბილისელებმა უმასპინძლეს მეტოქეს და 3-0 იმარჯვეს. გოლები ლევან მელქაძემ, გიორგი ანჩაბაძემ და ვიტალი დარასელიამ გაიტანეს. აი საპაუხო მატჩში კი უკვე ალბანელებმა მოიგეს 3-0, ხოლო მატჩისშემდგომ თერთმეტმეტრიანთა სერიაში 4-2 იმარჯვეს.
ამჯერად, “დინამო” 1 მატჩიან დაპირისპირებაში “ტირანას” თბილისში 18 ან 19 აგვისტოს უმასპინძლებს.