რას წარმოადგენს დღეს თბილისის “დინამო” და რას ცდილობს ფიფია?
დღეს თბილისის “დინამომ” სუპერთასის შეხვედრაში თბილისის “საბურთალოსთან” უშანსოდ წააგო 0-1 და გამარჯვება მეტოქეს დაუთმო.
მთელი შეხვედრის განმავლობაში “დინამომ” ვერ შეძლო თამაშის დალაგება, ბურთი ნახევარმცველებს თავდამსხმელებთან ვერ მიჰქონდათ, საოცრად სუსტად გამოიყურებოდა დაცვაც.
თავიდან დავიწყოთ “დინამოს” ფეხბურთელებისა და მწვრთნელების მოქმედებებით.
მეტ-ნაკლებად კარგი იყო მეკარე როინ კვასხვაძე, რომელმაც რამდენიმე ბურთი მოიგერია.
დაცვაში ბენიოსა და ლოჩოშვილის ტანდემი ძალიან მოუქნელად და ნელად გამოიყურებოდა. მიუხედავად ბენიოს ტექნიკურობისა, საკმაოდ ბევრი შეცდომა დაუგროვდა ტოგოელს და პენალტი სწორედ ლოჩოშვილმა აიკიდა გაბედავაზე. ივან ტრუბოჩკინი მე-2 ტაიმის დასაწყისშივე ნოდარ იაშვილმა შეცვალა, ხოლო, მარცხენა ფლანგზე დავით კობოური მცველებიდან ყველაზე კარგად გამოიყურებოდა, მაგრამ შეტევაში ჩართვას ნაკლებად ახერხებდა. აშკარად, “დინამოს” გიორგი ქიმაძის ჩართვები აკლდა.
ნახევარდაცვაში კახა ჩხეტიანმა ერთბაშად კუხიანიძე, პაპავა, ნინუა და ქარდავა დააყენა. ეს ოთხეული ზედმეტად დაცვით ტაკტიკას ნიშნავს. კუხიანიძე ტექნიკური, მაგრამ ნელი ფეხბურთელია და მისი მარჯვენა ფრთაზე გადაწევაც არც თუ ლოგიკური გახლდათ. ნიკა ნინუა ფორმაში არაა და მის შეცდომებს რამდენიმე სახიფათო მომენტი მოჰყვა “დინამოს” კართან. პრაქტიკულად ჩხეტიანმა 4 საყრდენით გადაწყვიტა თამაში.
თავდასხმაში ფილიპ ორშულა და ირაკლი ბუღრიძე ირჯებოდნენ. ორშულა “საბურთალოს” მცველებმა მარტივად გააქრეს, ბუღრიძე შედარებით აქტიურობდა და ამწვავებდა.
შეცვლაზე შემოსულმა ფეხბურთელებმა ბევრი ვერაფერი შეცვალეს და “დინამომ” 0-1 დათმო “საბურთალოსთან”. იმ კლუბთან, რომელმაც შეინარჩუნა ძირითადი შემადგენლობის თითქმის ყველა მოთამაშე და ეს “ერთიუბნის” ერთ-ერთი მთავარი ფასეულობაა.
რა ხდება “დინამოში”? გასული სეზონის ჩემპიონმა დღევანდელ მატჩამდე ერთი დღით ადრე 13 ფეხბურთელი წარადგინა. ჩემპიონი დატოვა ცენტრალური დაცვის შეუცვლელმა წევრმა ვიქტორ მონხილმა. წავიდა საუკეთესო ბომბარდირი ლევან კუტალია და მარცხენა მცველი ოლექსანდრ კაპლიენკო.
რომან ფიფია “დინამოს” ყოველ წელიწადში ერთხელ თავიდან აწყობს და ვერ ან არ ხერხდება ძირითადი ბირთვის შენარჩუნება.
ყველაზე საინტერესო, მაინც, ხოსე პერალესის დაბრუნება იყო. ეროვნული ლიგის 2019 წლის საუკეთესო გოლკიპერი ჯერ დაემშვიდობა გუნდს, “დინამომ” ელიგისთვის ორი გამორჩეული მეკარე, ომარ მიგინეიშვილი და როინ კვასხვაძე დაიმატა, შემდეგ კი პერალესიც დაიბრუნა. ხოსეს წასვლის მთავარი მიზეზი ხელფასის თემა გახლდათ და უდიდესი ალბათობით, თბილისელებს 3 მეკარის შენახვის ხარჯები უფრო მეტი უნდა დაუჯდეს.
დღეს “დინამოში” 26 მოთამაშე ირიცხება და კახა ჩხეტიანს ძალიან მძიმე გადაწყვეტილების მიღება მოუწევს. დღეს განაცხადში ომარ მიგინეიშვილი, ნიკა სანდოხაძე, თორნიკე კაპანაძე, პერნამბუკო, ნოდარ ქავთარაძე (ტრავმა), კვამე კარიკარი (ტრავმა), და არფან დაფე (ტრავმა) არ იყვნენ.
ცალკე საკითხია ლევან მჭედლიძის ტრავმების ამბებიც, რომელმაც დაბრუნებიდან მხოლოდ ხუთ მატჩში შეძლო მონაწილეობის მიღება.
“დინამოს” მიმდინარე სეზონში ამ თამაშით სამეულშიც შესვლა გაუჭირდება, არადა გუნდმა საქართველოს სახელი ჩემპიონთა ლიგაზე უნდა დაიცვას.