რას წარმოადგენს მოსკოვის “დინამო”, რომლის მფლობელი საქართველოს ნაკრების მთავარი სპონსორია
ევროპა ლიგის მეორე საკვალიფიკაციო ეტაპზე თბილისის “ლოკომოტივი” მოსკოვის “დინამოს” მიიღებს.
“დინამო” 1923 წელს დაარსდა და 2016 წელს კიევის “დინამოსთან” ერთად ერთადერთი გუნდი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირის და პოსტსაბჭოთა კავშირის ყველა უმაღლესი რანგის ჩემპიონატში ჰქონდა მონაწილეობა მიღებული. 2016 წელს “დინამო” მე-2 ლიგაში გავარდა, თუმცა მომდევნო სეზონში დაბრუნდა.
“დინამო” “მილიციის” კლუბი იყო და გარკვეული პერიოდი ლავრენტი ბერიას პატრონაჟით იმართებოდა.
“დინამო” ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული რუსული გუნდია, რომელსაც საბჭოთა კავშირის ჩემპიონის ტიტული 11-ჯერ, ხოლო, თასი 7-ჯერ აქვს მოგებული. ბოლო გამარჯვება 1995 წლით რუსეთის თასზე თარიღდება.
გუნდის მთავარი მწვრთნელი კირილ ნოვიკოვია, რომელმაც ეს პოსტი 2019 წლის 8 ნოემბერს ჩაიბარა. ნოვიკოვს თითქმის მთელი სამწვრთნელო კარიერა სწორედ “დინამოში” აქვს გატარებული. 2019 წელს ახალგაზრდების მწვრთნელი იყო და დმიტრი ხოხლოვი ნოემბერში შეცვალა. კირილი მოსკოველთა ლეგენდარული მცველის, ალექსანდრ ნოვიკოვის შვილია, რომელსაც კლუბში ყველაზე მეტი მატჩი აქვს ჩატარებული.
“დინამოს” კაპიტანი მეკარე ანტონ შუნინია. შუნინი 2007 წლიდან თამაშობს და 251 მატჩში 254 გოლი აქვს გაშვებული.
გუნდში 10 ლეგიონერი თამაშობს, მათ შორის, მაქსიმილიან ფილიპი და კლინტონ ნ’ჟი არიან გამოსარჩევი. ფილიპი 2017-19 წლებში დორტმუნდის “ბორუსიას” ღირსებას იცავდა. 27 წლის კამერუნელ კლინტონს კი “ლიონში”, “მარსელში” და “ტოტენჰემში” უასპარეზია. პოზიციით თავდამსხმელმა “მარსელში” 39 შეხვედრაში 10 გოლი გაიტანა.
ნოვიკოვი ასევე ენდობა ხორვატ ნახევარმცველ ნიკოლა მოროს (დინამო ზაგრები) და პოლონელ ნახევარმცველ სებასტიან შიმანსკის (ლეგია). დაცვაში ასევე უკრაინელი ივან ორდეცი და ბოსნიელი ტონი შუნიჩი ხვდებიან, რომელიც “შტუტგარტიდან” “პალერმოშიც” იყო განათხოვრებული.
ადგილობრივი ფეხბურთელებიდან – ცენტრალური თავდამსხმელი ნიკოლაი კომლიჩენკო და დანილ ფომინი გამოირჩევიან.
Transfermarkt-ზე გუნდის ღირებულება 59 მილიონი ევროა, როცა საპირისპიროდ “ლოკომოტივი” მხოლოდ 4 მილიონი ღირს. 11 მილიონად არის შეფასებული მაქსიმილიან ფილიპი, 6 მილიონად ნიკოლას მორო.
“დინამოს” საერთაშორისო რეიტინგი 16 ქულაა და გასულ სეზონში რუსეთის პრემიერ ლიგაში მე-6 ადგილზე გასვლით, ევროპა ლიგის საკვალიფიკაციო მე-2 ეტაპზე პირდაპირ მოხვდა.
მიმდინარე სეზონში “დინამოს” 6 მატჩის შემდეგ 11 ქულა აქვს მოპოვებული და მე-4 ადგილზე იმყოფება. ბოლო მატჩი გუშინ “უფას” წინააღმდეგ ჩაატარა და ფრედ, 1:1 ითამაშა. მე-5 ტურში კი სახლში “ზენიტი” დაამარცხა.
გუნდის მფლობელი VTB ბანკია, რომელიც, ასევე, საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების სპონსპორიცაა. 2016 წელს “დინამო” 1 რუბლად სპორტულ საზოგადოებას გადაეცა, სპონსორად კვლავ ბანკი დარჩა, თუმცა 2019 წელს 1 რუბლად კვლავ VTB-ს დაუბრუნდა.
თუ წყაროებს დავუჯერებთ, “ლოკომოტივი” და მოსკოვის “დინამო” ერთმანეთს 1938 წელს შეხვდნენ და “დინამომ” 5-2 იმარჯვა. ჩვენი მხრიდან 2 ბურთი ბორის ჩიტაიამ შეაგდო.
“დინამო” ბოლოს თბილისში 2013 წელს ჩამოვიდა და თბილისის “დინამოს ამხანაგურად 1-1 დაუპირისპირდა. საერთოდ, მოსკოველები ჩვენი ტრადიციული და პრინციპული მეტოქეები იყვნენ.
1979 წელს საბჭოთა კავშირის თასი თასი სწორედ მათი დამარცხებით ავიღეთ.
ამჯერად, “ლოკომოტივი” მიხეილ მესხზე “დინამოს” 17 სექტემბერს უმასპინძლებს.