რაში სჭირდება “რეალს” ბენიტესი? ფლორენტინო პერესის 5 მიზეზი
რაფელ ბენიტესმა “ნაპოლი” დატოვა და ოცნების ახდენასთან, მადრიდის “რეალის” გაწვრთნასთან ძალიან ახლოაა. გთავაზობთ 5 მიზეზს, რის გამოც “სამეფო კლუბის” პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს გუნდის ჩაბარება სწორედ ბენიტესისთვის სურს.
რეალს ესპანელი მწვრთნელი სჭირდება
ესპანელ მწვრთნელს “რეალში” ძალიან დიდი ხანია არ უმუშავია. ანჩელოტი, მოურინიო, პელეგრინი, შუსტერი, ლუშემბირგუ, კაპელო, კეირუში – ეს იმ მწვრთნელების გვარებია, რომლებმაც “რეალს” 2003 წლიდან, დელ ბოსკეს გათავისუფლების შემდეგ უთავკაცეს.
ესპანელები მხოლოდ რემონი, ლოპეს კარო, კამაჩო და ხუანდე რამოსი იყვნენ, რომლებმაც საერთო ჯამში ერთი წელიც კი არ იმუშავეს. ბენიტესი კი “რეალისთივს” უცხო კაცი არ არის. 1974-1981 წლებში ის ახალგაზრდული გუნდის ღირსებას მოთამაშის სტატუსში იცავდა. 1993-95 წლებში კი მეორე გუნდის მწვრთნელი იყო. ბენიტესს არსდროუს დაუმალავს, რომ “რეალის” გაწვრთნა მისი ოცნება იყო.
ორი ტიტული სამ სეზონში
მეათე ჩემპიონთა თასის შემდეგ “რეალის” მთავარი მიზანი ქვეყნის ჩემპიონობის მოპოვებაა. ამოცანის შესრულება ანჩელოტიმ ვერ შეძლო, რის გამო ის გაათავისუფლეს კიდეც. 7 წელიწადში მოპოვებული მხოლოდ 1 ეროვნული ტიტული “რეალისთვის” კატასტროფაა. 2003 წლიდან მადრიდელებმა მხოლოდ სამჯერ მოიგეს ჩემპიონატია.
როგორც ჩანს, პარესს კარგად ახსოვს ბენიტესის “ვალენსია”, რომელიც 3 სეზონში ორჯერ გახდა ქვეყნის ჩემპიონი. მაშინ რაფას ძალიან კარგი გუნდი ჰყავდა, თავად ბენიტესი კი მეტოქეებს მოულოდნელი საკადრო ცვლილებებით და როტაციის კარგი გამოყენებით აკვირვებდა. პრობლემა კი იმაშია, რომ ეს ყველაფერი 10 წლის წინ ხდებოდა. მას შემდეგ კი ბენიტესს არც ერთი ჩემპიონატი არ მოუგია.
პერესს ჩამოყალიბებული მწვრთნელი სჭირდება
ნათელია, რომ პერესს დრო არ აქვს და “რეალში” უკვე ჩამოყალიბებული, გამოცდილი მწვრთნელი სჭირდება. თუმცა, ბაზარზე ასეთი სპეციალისტის მოძებნა, თანაც ტოპ-კლუბის დონეს რომ აკმაყოფილებედეს, ძალიან ძნელია.
ბენიტესი კი მთელი სამწვრთნელო კარიერის განმავლობაში სწორედ ამბიციურ კლუბებთან მუშაობს. ესპანელმა სხვა თუ არაფერი ის მაინც იცის, თუ რასთან ექნება საქმე.
ბენიტესი არც ისე ცუდია
პრესაში ბენიტესს ძალიან ცუდი რეპუტაცია აქვს, თუცმა სინამდვილეში ის მაღალი დონის მწვრთნელია. “ლივერპულში” რაფას შესანიშნავი შედეგი ჰქონდა, სანამ მწვრთნელ-მენეჯერად არ გადაიქცა. მას ყოველთვის სურდა გუნდის სატრანსფერო ამბებიც თავად გადაეწყვიტა, რის გამოც თავის დროზე “ვალენსიას” დატოვება მოუწია. თუმცა, ბენიტესს ძალიან უცნაური გემოვნება აქვს და ხშირ შემთხვევაში მისი ფეხბურთელები იმედებს ვერ ამართლებდნენ.
შემდეგ იყო “ინტერი” სადაც ბენიტესი თავიდანვე პრობლემებს შეხვდა. მოურინიომ მას დაბერებული გუნდი დუტოვა, რომელსაც უკვე ყველაფერი ჰქონდა მოგებული. “ჩელსისთან” ერთად ბენიტესმა მოკლე ვადაში შეძლო ევროპის ლიგის მოგება. რაფას ყველაზე წარუმატებელი გუნდი სწორედ “ნაპოლი” აღმოჩნდა.
ბენიტესი ერთი სეზონით
შესაძლოა, ამ ეტაპზე ფლორენტინო პერესმა უბრალოდ უკეთესი კანდიდატურა ვერ ნახა, ხოლო ანჩელოტის დატოვება მის პრინციპებს ეწინააღმდეგებოდა. ბენიტესის მოშორება კი ჩაგდებული სეზონის შემდეგ რთული საქმე არ იქნება.