რატომ არჩია მბაპემ “პსჟ” მადრიდის “რეალს”?
მსოფლიო ფეხბურთის ყველაზე პოპულარულმა თინეიჯერმა, კილიან მბაპემ, რომელმაც თავისი ბწრყინვალე ასპარეზობით მთელი საფეხბურთო სამყაროს ყურადღება მიიპყრო, კლუბი ზაფხული სატრანსფერო ფანჯრის ბოლო დღეს გამოიცვალა – მბაპე 2017/18 წლების სეზონს “პარი სენ-ჟერმენში” არენდის წესით გაატარებს, შემდეგ კი პარიზელები მას 180 მილიონ ევროდ გამოისყიდიან.
რატომ არა “რეალი”?
“კილიანი მადრიდის “რეალის” ფანია, კრიშტიანუ რონალდუ კი მისი კუმირია. ის საათობით უყურებდა მის ვიდეოებს ინტერნეტში,” – აცხადებს კილიან მბაპეს მამა.
“ზიდანი 14 წლის ასაკიდან ცდილობდა ჩემს გადაბირებას,” – ეს თავად ფრანგი ფეხბურთელის სიტყვები გახლავთ, რომელმაც ახლახან ძალიან რთული გადაწყვეტილება მიიღო.
“ვიცით და ვიცოდით, რომ ის განსაკუთრებული იყო. ასაკის მიუხედავად უმაღლეს დონეზე შეუძლია თამაში. ძალიან ახლოს ვიყავით მის ტრანსფერთან, მაგრამ მან “მონაკო” აირჩია,” – აცხადებს ზიდანი.
“ჩემი ოცნება “რეალში” თამაშია, მინდა მათ დავუმტკიცო რომ უმაღლესი დონის ფეხბურთელი ვარ და ვჭირდები. მარტო ფეხბურთზე რომ ყოფილიყო და არა ქვეყნის, კულტურისა და რელიგიის განსხვავებულობაზე, “რეალში” 2013 წელს გადავიდოდი. ოთხი წლის ასაკიდან ვადევნებ თვალს ამ კლუბს და სწორედ “გალაქტიკომ” მომცა მოტივაცია პროფესიონალი ფეხბურთელი გავმხდარიყავი, ამაზე ვოცნებობდი,” – ვციტირებთ მბაპეს სიტყვებს.
ივლისის თვეში უცხოური გამოცემები აქტიურად იწერებოდნენ მბაპესა და “რეალს” შორის მოლაპარაკებების არსებობის თაობაზე. ფრანგი ფეხბურთელი ძალიან ახლოს იყო “ბლანკოსთან” 6-წლიანი კონტრაქტის გაფორმებასთან, ფლორენტინო პერესი კი მზად იყო ამისთვის 180 მილიონი ევროც კი გაეღო – ტრანსფერი უახლოეს დღეებში უნდა შემდგარიყო. თუმცა, როგორც ხედავთ, მოვლენები სხვაგვარად წარიმართა.
ერთ-ერთი მთავარი მიზეზი ტრანსფერის ჩაშლისა სავარაუდოდ თავად ზინედინ ზიდანია, რომელმაც 4 წლის წინ მბაპე “რეალის” ახალგაზრდულ გუნდში მიიწვია და კლუბის ბაზაზე ექსკურსიაც კი მოუწყო. ფრანგი სპეციალისტი მხოლოდ იმ შემთხვევაში განაცხადებდა თანხმობას მბაპეს ტრანსფერზე, თუ გუნდს გარეტ ბეილი დატოვებდა.
თუმცა, უელსელი არსად არ აპირებდა წასვლას და არც წასულა. “მანჩესტერ იუნაიტედის” ინტერესი ბეილის მიმართ პოტენციურადვე დარჩა. შესაძლოა, მადრიდელები ერთი წლის შემდეგ აპირებდნენ 18 წლის მბაპეს ტრანსფერზე დაფიქრებას, მაგრამ ამას ახლა უკვე არანაირი აზრი არ აქვს.
არსებობს კიდევ ერთი მოსაზრება, რომლის მიხედვითაც, მბაპეს ტრანსფერის წინააღმდეგ მადრიდელთა სუპერვარსკვლავი, კრიშტიანუ რონალდუ წავიდა. ზოგიერთი წყარო ირწმუნებოდა, რომ პორტუგალიელი რონალდუ, რომელმაც მძიმედ გადაიტანა გარეტ ბეილის რეკორდული ტრანსფერი, მბაპეს შეძენის შემთხვევაში კლუბის დატოვებით იმუქრებოდა.
რატომ “პარი სენ-ჟერმენი”?
შეიძლება არ დაიჯეროთ, მაგრამ მბაპეს “პარი სენ-ჟერმენი” მხოლოდ ფულის გამო არ აურჩევია. პირველ რიგში, უნდა აღვნიშნოთ, რომ პარიზი კილიანის მშობლიური ქალაქია – ის პარიზის გარეუბანში, ბონდიში დაიბადა. სწორედ ამ ქალაქში დაიწყო მან ფეხბურთის თამაშიც, გუნდში, რომელსაც მამამისი, უილფრედი წვრთნიდა. გავიდა ცოტა ხანი და მბაპე კლერფონტენის ცნობილ აკადემიაში მიიწვიეს, სადაც ის თავდაუზოგავად მუშაობდა და მობილური ტელეფონის შუქზეც კი ვარჯიშობდა ღამით.
კლერფონტენში ყოფნისას მბაპეს კარიერის ესპანეთსა და ინგლისში გაგრძელების შანსი მიეცა, იყო “პარი სენ-ჟერმენის” ვარიანტიც. მაგრამ მისი მშობლები მბაპეს საზღვარგარეთ გაშვებაზე უარს აცხადებდნენ, ეშინოდათ, რომ ის უცხოურ გარემოს ვერ შეეგუებოდა და არჩევანი “მონაკოზე” გააკეთეს, რომელიც ახალგაზრდა ტალანტებთან მუშაობითაა ცნობილი. შესაბამისად, მბაპე ტიერი ანრის გზას გაყვა, რომელსაც ახლა ყველაზე ხშირად ადარებენ.
მოვლენები მოულოდნელად განვითარდა და კილიანს მაინც მოუწია “პარი სენ-ჟერმენში” თამაში თუმცა, დღეს მის მიმართ მოლოდინი გაცილებით უფრო დიდია. მისდა საბედნიეროდ, პარიზულ კლუბში მას რამდენიმე მეგობარიც ელის, რომელთანაც ის ახალგაზრდულ გუნდში თამაშობდა.
საფრანგეთის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა, დიდიე დეშამმა ამ ტრანსფერზე ისაუბრა:”მბაპე სხვა კლუბში ითამაშებს, რომელიც ასევე ლიგა 1-ში გამოდის. ახალ ნამდვილად ვერ ვიტყვი რამდენად მართებულია მისი გადაწყვეტილება, ამას მხოლოდ დრო გვიჩვენებს”.
კიდევ ერთი მიზეზი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილესი კომპანია, “ნაიკი” გახლავთ, რომელთანაც მბაპეს პირადი კონტრაქტი აკავშირებს. “ნაიკი” “პარი სენ-ჟერმენთანაც” თანამშრომლობს ისევე როგორც ნეიმართან, ედინსონ კავანისთან და მარკო ვერატისთან.
სად ითამაშებს მბაპე?
ამ კითხვას “პსჟ”-ს მცველმა, ტომას მუნიემ უპასუხა:”ჩვენ ძალიან გვჭირდებოდა ისეთი ფეხბურთელი, როგორიც მბაპეა. “ცხრიანის” პოზიციაზე მხოლოდ კავანი გვყავდა, მბაპე კი ბრწყინვალე ალტერნატივაა. მას მარჯვნივაც შეუძლია თამაში და მარცხნივაც, ისევე როგორც ცენტრში. წელს დიდებული გუნდი გვყავს.”
“შეტევაში ძალიან ბევრი ვარიანტი გვექნება. ნეიმარსა და მბაპეს სამ პოზიციაზე შეუძლია თამაში: მარჯვენა და მარცხენა ფლანგზე და ცენტრში,” – აცხადებს ადრიენ რაბიო.
გასულ სეზონში მბაპემ თამაში გარემარბის პოზიციაზე დაიწყო, თუმცა შემდგომ ცენტრში შეიწია და ფალკაოს დაუწყვილდა.
“კილიანის ტიპის ფეხბურთელებს ყოველთვის უნდათ მოვლენების ეპიცენტრში ყოფნა. ადრე ფლანგზე უყვარდა თამაში, უნდოდა ბურთი აეღო და შეტევა წამოეწყო, ახლა კი მიხვდა, რომ ბურთის გარეშე მოძრაობა არანაკლებ მნიშვნელოვანია და ცენტრისკენ გადაინაცვლა, სადაც ცდილობს, მომგებიანი პოზიცია დაიკავოს და გუნდსაც ამგვარად დაეხმაროს,” – აცხადებს ლაფარჟი.
როგორ რეაგირებს ფინანსური ფეარ-პლეი?
1. “პარი სენ-ჟერმენის” ბოლოდროინდელ ქმედებებს “ლიონის” პრეზიდენტის, ჟან-მიშელ ოლასის მსგავსად უეფაც საკმაოდ ახლოდან აკვირდება და რიგ შემთხვევებში გამაფრთხილებელ განცხადებებსაც აკეთებს, თუმცე ჯერჯერობით ამის არავის ეშინია.
2. ფეარ-პლეის წესების თანახმად, სამი წლის მანძილზე კლუბის დანაკარგი 30 მილიონ ევროს არ უნდა აღემატებოდეს (განსაკუთრებული შემთხვევების გამოკლებით). თუმცა, უეფა ხარჯთაღრიცხვას სატრანსფერო ფანჯრის დასრულების შემდეგ აწარმოებს და არა მიმდინარეობისას, ან მაშინ, როცა მოუნდებათ. ასე რომ, “პსჟ”-ს ჯერ კიდევ აქვს დრო რომელიმე ფეხბურთელის გასაყიდად და ბალანსის აღსადგენად.
3. რაც ყველაზე საინტერესოა, “პარი სენ-ჟერმენმა” როგორღაც დაარწმუნა “მონაკო” და მბაპე ჯერ არენდით აიყვანა, ერთი წლის შემდეგ კი 180 მილიონ ევროდ დაიმატებს, ასე რომ მის ტრანსფერში არალეგალური არაფერია.