რატომ დაიწუნა “დინამომ” თორნიკე ახვლედიანი, რომელიც “თელავთან” საუკეთესო იყო?
ეროვნული ლიგის 2020 წლის სეზონი მოქმედმა ჩემპიონმა თბილისის “დინამომ” “თელავთან” ნულოვანი ფრით გახსნა.
“დინამოდან” პრაქტიკულად ვერცერთ ფეხბურთელს გამოვარჩევთ, გარდა თორნიკე ახვლედიანისა, რომელიც დღეს საუკეთესო იყო.
ახვლედიანი ყველა ბურთზე ბოლომდე იბრძოდა, დაცვას ეხმარებოდა და საერთოდ არ ეტყობოდა, რომ დებიუტანტი გახლავთ. ერთ-ერთი ყველაზე სახიფათო გასროლა სწორედ მის ანგარიშზეა, როცა ქარდავასთან კომბინაცია გაითამაშა და შორიდან გაისროლა, თუმცა გოშაძემ აუღო.
ახვლედიანმა თურქულ შეკრებაზე ყველაზე მეტი გაიტანა და 3-წლიანი კონტრაქტი დაიმსახურა.
საინტერესოა, რომ როცა თორნიკე 13-14 წლის იყო, მაშინ ესპანური გუნდი ხელმძღვანელობდა აკადემიას და სინჯებზე მისული ფეხბურთელი, 2 დღეში დაიწუნეს. მაშინ პრაქტიკულად არც მიუციათ მისთვის შანსი და ვინ იფიქრებდა, რომ 7 წლის შემდეგ ახვლედიანი “დინამოს” ძირითად შემადგენლობაში მოხვდებოდა.
თავდამსხმელს ახლა იდეალური შანსი აქვს კიდევ ერთხელ დაამტკიცოს რა შეუძლია, მანამ სანამ, თბილისური კლუბის თითქმის ყველა შემტევი ტრავმირებულია.