რატომ ეძახიან “ბარსელონას” ფანებს “კულეებს”?
ყველასათვის ცნობილი ფაქტია, რომ “ბარსელონას” გულშემატკივრებს ხშირად “კულეების” სახელწოდებით მოიხსენიებენ. თუმცა, ზოგმა შეიძლება არ იცოდეს, თუ რატომ მოიხსენიებენ მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო კლუბის ფანებს უხამსი სახელით.
მაგალითისთვის, “რეალის” გულშემატკივრებს “მადრიდისტებს” უწოდებენ. ეს სიტყვა კლუბის სახელწოდების ძირიდან არის წარმოქმნილი. თუმცა “კულეს” შემთხვევაში საქმე სხვა შემთხვევასთან გვაქვს.
რატომ ეძახიან “ბარსელონას” ფანებს “კულეებს?”
როგორც ირკვევა, ყველაფერი “ბარსელონას” ძველ სტადიონთან არის დაკავშირებული. “ლურჯ-ბროწეულისფრები” ყოველთვის ისეთ გრანდიოზულ სტადიონზე არ თამაშობდნენ, როგორიც “კამპ ნოუ” გახლავთ.
XX საუკუნის დასაწყისში “ბლაუგრანა” პატარა სტადიონზე ასპარეზობდა, რომლის ტრიბუნებზეც მხოლოდ 6 000 ადგილი იყო ფანებისთვის. მაშინაც კი, “ბარსელონას” გულშემატკივართა რიცხვი მნიშვნელოვნად აჭარბებდა სტადიონის ტევადობას.
სტადიონი ძალიან მარტივი მოწყობის იყო. სტადიონი გარშემორტყმული იყო კედლით და ორსართულიანი ტრიბუნით.
ბილეთების გარეშე დარჩენილ “ბარსელონას” ფანებს ისღა დარჩენოდათ, რომ კედელზე ამძვრალიყვნენ და ისე ედევნებინათ თვალი თავიანთი საყვარელი გუნდის თამაშისთვის.
მაშინ, როდესაც “ბლაუგრანას” გულშემატკივრები კედელზე ისხდნენ, გამვლელები მხოლოდ მათ უკანა მხარეს, უკანალებს ხედავდნენ. სწორედ ასეთ მნიშვნელობას ატარებს კატალონიური სიტყვა “cul”.
ინგლისელი ავტორი, ფილ ბოლი, ამ საკითხზე საუბრისას ასეთ რამეს ამბობდა – “ერთადერთი, რისი დანახვაც შეიძლებოდა, უკანალების მწკრივი იყო”.
“ბარსელონა” მალევ, 1922 წელს, უფრო დიდ სტადიონზე “ლეს კორტსზე” გადაბარგდა და უკვე 20 000 ფანს ეძლეოდა თამაშის ყურების სიამოვნება. შემდეგში სტადიონის ტევადობა 60 000-მდე გაიზარდა.
“კამპ ნოუ” კი 1957 წელს გაიხსნა და დღესდღეობით ევროპის ყვლაზე დიდი სტადიონია. მიუხედავად ამისა, “ბარსელონას” ფანებს დღესაც “კულეების” სახელით მოიხსენიებენ.