რატომ სუფევს სიჩუმე “ბერნაბეუზე” მაშინ, როდესაც “ბარსა” და “ატლეტიკო” ძლიერდებიან?
ზაფხულის სატრანსფერო ფანჯრის დახურვამდე სულ რაღაც ერთი თვეა დარჩენილი. “სანტიაგო ბერნაბეუზე” კი კვლავ სიჩუმე სუფევს. ამ დროისთვის, კლუბმა მხოლოდ ერთი ფეხბურთელი დაიმატა, მაშინ, როდესაც მისი მოსისხლე მტრები გუნდებს სერიოზულად აძლირებენ. რატომ არ აქტიურობს “სანტიაგო ბერნაბეუ”?
სანამ “ბარსელონას” ორფანჯრიანი სატრანსფერო დისკვალიფიკაცია გააქტიურდებოდა, “ბარსამ” საკმაოდ დიდი ტრანსფერები განახორციელა (2014 წელს). კატალონიურმა კლუბმა 166 მილიონი ევრო დახარჯა ისეთი ფეხბურთელების შესაძენად, როგორებიც იყვნენ: ლუის სუარესი, ივან რაკიტიჩი, კლაუდიო ბრავო, მარკ-ანდრე ტერ შტეგენი და ჟერემი მატიე. შედეგად, “ბლაუგრანამ” მიიღო ბრწყინვალე სეზონი, რომელშიც კლუბმა ტრიპლეტი მოიპოვა (2014-15).
დაახლოებით ასეთი რამ იყო მოსალოდნელი მადრიდშიც. თუმცა, ამ დროისთვის სიტუაცია სრულიად განსხვავებულია. “რეალმა” მხოლოდ ალვარო მორატა დაიმატა, რომელიც “იუვენტუსში” ასპარეზობდა.
რაფა ბენიტესის ტურბოლენტური პერიოდის დროს, შეუიარაღებელი თვალითაც ჩანდა, რომ “რეალს” ცვლილებები ესაჭიროებოდა. მაგრამ, ზინედინ ზიდანმა იგივე გუნდით ჩემპიონთა ლიგის მოგება და “ბარსასთან” სხვაობის ერთ ქულამდე შემცირება მოახერხა. გამომდინარე აქიდან, ფრანგ სპეციალისტს მიაჩნია, რომ გუნდში ცვლილებების საჭიროება არ არსებობს.
წინა ზაფხულთან შედარებით, “რეალი” აღარ ცდილობს დავიდ დე ხეას გადაბირებას – ზიდანი კმაყოფილია ისევე როგორც კეილორ ნავასით, ასევე კიკო კასილიათი. ფრანგმა ისიც ცხადყო, რომ ხამეს როდრიგესი კლუბიდან არ წავიდოდა. ხამესის დარჩენამ კი “რეალს” ანდრე გომეშის გადაბირების სურვილიც გაუქრო (სურვილის ქონის შემთხვევაშიც, პორტუგალიელი მაინც “ბარსელონაში” გადავიდოდა).
იგივე სიტუაციაა რაფაელ ვარანისა და ნაჩოს შემთხვევაშიც. კლუბი – კერძოდ კი ზიდანი – მათ დატოვებას აპირებს. კლუბი გაძლიერდება ფაბიო კოენტრაუთითაც, რომელიც მარსელოს დამხმარე იქნება. პორტუგალიელი უკვე დაუბრუნდა გუნდს. მიუხედავად იმისა, რომ კოენტრაუ მის ფასს (30 მილიონი ევრო) ვერასდროს ვერ ამართლებდა, ზიდანს მასზე დაყრდნობის საშუალება მაინც აქვს.
“რეალი” ზაფხულში რამოდენიმე ისეთ ფეხბურთელთანაც დააკავშირეს, როგორებიც არიან: მარკო ვერატი, დავიდ ალაბა და რობერტ ლევანდოვსკი. მაგრამ, სამივე მათგანმა გააფორმა ახალი კონტრაქტი თავიანთ კლუბთან (ან ძალიან ახლოს არიან) და მათი ტრანსფერიც გამოირიცხა.
არის კიდევ ერთი ფეხბურთელი – პოლ პოგბა. ფრანგი ნახევარმცველი, რომელიც კლუბის გამოცვლას აპირებს. მას შემდეგ, რაც “იუვენტუსმა” გონსალო იგუაინი გადაიბირა 90 მილიონ ევროდ, პოგბას წასვლის შანსი კიდევ უფრო გაიზარდ. მართალია, მადრიდელები პოლ პოგბას გადაბირებას ცდილობენ, მაგრამ ფაქტია, რომ კლუბს უკვე ჰყავს საკმარისი რაოდენობის ნახევარმცველები. “მანჩესტერ იუნაიტედი” კი მზადაა ფრანგის სანაცვლოდ 100 მილიონი ევრო გადაიხადოს.
როდესაც ზინედინ ზიდანს პოგბას გადაბირების შესაძლებლობაზე ჰკითხეს, მან განაცხადა: “ამ საკითხზე ჯერ კიდევ ვმუშაობთ. არაფრის თქმა არ შემიძლია. დღეს, ის “იუვენტუსის” ფეხბურთელია. არ შეგვიძლია იმაზე საუბარი, თუ რა მოხდება მომავალში.”
გარდა ამის, მადრიდელებს კაზემიროს მსგავსი ფეხბურთელის მოყვანაც სჭირდებათ. თუმცა, როგორც ჩანს, დღეს ასეთი ფეხბურთელი ბევრი არ არის – ნ’გოლო კანტემ “რეალში” გადასვლას კარიერის “სტემფორდ ბრიჯზე” გაგრძელება ამჯობინა. გრეგორჟ კრიხოვიაკი “პარის სენ-ჟერმენში” გადავიდა. ბლაიზე მატუიდი კი ფრანგული გრანდის დატოვებას არ აპირებს, მიუხედავად იმ ჭორებისა, რომლებიც ბოლო დროს ვრცელდება. რაც შეეხება, ფრანგ მუსა სისოკოს, ვერ ვიტყვით, რომ ის დაცვითი ტიპის ნახევარმცველია.
“ბარსამ” უკვე დახარჯა დაახლოებით 100 მილიონი ევრო. კატალონიელებმა კლუბში ფრანგი მცველები: სამუელ უმტიტი და ლუკას დინიე მოიყვანეს. გუნდმა დაიმატა დენის სუარესი და ანდრე გომეშიც და ეს დასასრული ჯერ კიდევ არ არის – კლუბის ხელმძღვანელები თავდამსხმელის დამატებასაც აპირებენ.
მსგავსად “ბლანკოსისა”, ამ სატრანსფერო ფანჯრის შემდეგ, “ატლეტიკოსაც” გაუაქტიურდება დისკვალიფიკაცია. დიეგო სიმეონეს გუნდის დასაკომპლექტებლად, კლუბის ხელმძღვანელობამ დიდი სამუშაო გასწია – ახალი კონტრაქტები გაუფორმეს საულ ნიგესს, ტიაგოს, ფერნანდო ტორესსა და ანტუან გრიზმანს (უახლოეს მომავალში კონტრაქტი გაბიმაც უნდა გაახანგრძლივოს). ამასთანავე, “როხიბლანკომ” დაახლოებით 50 მილიონი ჩადო ნიკო გაიტანის, სიმე ვრსალკოს, დიოგო იოტასა და აქსელ ვერნერის ტრანსფერებში. რამოდენიმე დღეში კი კლუბი ფორვარდსაც დაიმატებს (სავარაუდოდ ეს “სევილიას” კევინ გამეირო იქნება).
სწორად იქცევა “ბლანკოსი”? ამასაც დრო გვიჩვენებს …