რატომ სურს „მანჩესტერ იუნაიტედის“ ქომაგთა ნაწილს დღევანდელ დერბიში დამარცხება
როგორც მოგეხსენებათ, დღეს ინგლისის პრემიერლიგის 28-ე და 29-ე ტურების გამოტოვებული მატჩები ჩატარდება. დიდ ინტერესს იწვევს „ოლდ ტრაფორდზე“ გასამართი შეხვედრა — „მანჩესტერ იუნაიტედი“ თანაქალაქელ „მანჩესტერ სიტის“ მიიღებს. შექმნილი რეალობიდან გამომდინარე, „წითელი ეშმაკების“ მთავარ სასეზონო მიზნად ჩემპიონთა ლიგის ზონაში მოხვედრა უნდა ითვლებოდეს. ამ მხრივ, უკეთეს მდგომარეობაშია „მანჩესტერ სიტი“, რომელიც 63 ქულით სატურნირო ცხრილის მესამე პოზიციას იკავებს, თუმც მანუელ პელეგრინის გუნდს გათამაშების ლიდერ „ჩელსიზე“ სამი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული და ჩემპიონობის რეალურ შანსსაც ინარჩუნებს. მეორე ადგილი 65 ქულით „ლივერპულს“ აქვს დაკავებული, „ჩელსის“ კი აქტივში 69 ქულა აქვს.
დღეს გასამართი დერბი ინგლისში ერთ-ერთ მთავარ თემად ითვლება. ფეხბურთის გულშემატკივრები სხვადასხვა პროგნოზებს აკეთებენ, თუმცა საინტერესოა „მანჩესტერ იუნაიტედის“ ზოგიერთი ქომაგის პოზიცია. სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული კომენტარებით თუ ვიმსჯელებთ, „წითელი ეშმაკების“ გულშემატკივართა ნაწილს დღევანდელ დერბიში „სიტის“ გამარჯვება სურს, რათა „ქალაქელები“ საჩემპიონო ბრძოლაში დაწინაურდნენ და „იუნაიტედის“ მოსისხლე მტერი „ლივერპული“ უკან მოიტოვონ. მართალია, „წითელი ეშმაკების“ ქომაგებს არც „სიტი“ ეხატებათ გულზე, თუმც „ლივერპულის“ მიმართ მათი ზიზღი იმდენად დიდია, რომ დღეს „მანჩესტერის“ ქომაგთა ნაწილს მათი საყვარელი გუნდის მარცხი და შესაბამისად, სატურნირო ცრილში მერსისაიდული გუნდის დაქვეითება ურჩევნიათ.
მატჩი „მანჩესტერ იუნაიტედსა“ და „მანჩესტერ სიტის“ შორის დღეს, თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება და მას 29 წლის არბიტრი მაიკლ ოლვერი განსჯის.
ბექა დოგრაშვილი