რატომ ვერ ხერხდება “ტიანცზინ ცუანცზიანში” პატოს ტრანსფერი
“ვილიარეალის” თავდამსხმელ ალეშანდრე პატოს ტრანსფერი “ტიანცზინ ცუანცზიანში” ბოლო მომენტში შეფერხდა. როგორც ირკვევა, კონტრაქტის გაფორმებამდე ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ჩინურ კლუბს ახალი ფინანსური მოთხოვნა წაუყენა.
ალეშანდრე პატომ “ტიანცზინ ცუანცზიანში” სამედიცინო შემოწმება გაიარა და ის იყო, შრომითი ხელშეკრულება უნდა გაეფორმებინა, რომ ახალი მოთხოვნა წამოაყენა. “ასის” ცნობით, პატომ წელიწადში ანაზღაურების სახით დათქმულზე ოთხი მილიონი ევროთი მეტი მოითხოვა.
როგორც ცნობილია, “ტიანცზინ ცუანცზიანი” 27 წლის ბრაზილიელ თავდამსხმელს სეზონში 6 მილიონ ევროს სთავაზობდა, თუმცა პატომ 10 მილიონი მოითხოვა, რაც გახდა კიდეც მხარეებს შორის უთანხმოების მიზეზი.
ჩინურ კლუბსა და ალეშანდრე პატოს შორის მოლაპარაკება გრძელდება.