რაული: “ის საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია”
მადრიდის “რეალის” ყოფილმა თავდამსხმელმა რაულმა ის საუკეთესო ფეხბურთელი დაასახელა, ვის წინააღმდეგაც კარიერის განმავლობაში უთამაშია. ლეგენდარულმა ესპანელმა ასეთ მოთამაშედ “ბარსელონას” ლიდერი ლიონელ მესი მიიჩნია.
“მესი საუკეთესო ფეხბურთელია, ვის წინააღმდეგაც ოდესმე მითამაშია. გამიმართლა, რომ მოედანზე ზინედინ ზიდანს, რონალდოს, ლუიშ ფიგუსა და კრიშტიანუ რონალდუს შევხვდი, მაგრამ მესი ყველასგან განსხვავებულია…
მას ყველაფერი იოლად გამოსდის, შეუძლებელსაც კი უმარტივესად აკეთებს. როდესაც მის თამაშს უყურებ, გგონია, რომ ის მეგობრებთან ერთად ქუჩაში ფეხბურთს თამაშობს.
თუ ჩემი კარიერის ადრეულ წლებზე ვისაუბრებთ, მაშინ საუკეთესოებად რობერტო ბაჯოსა და რაიან გიგზს დავასახელებ.
საუკეთესო მცველი, ვის წინააღმდეგაც მითამაშია, პაოლო მალდინია. ის ძლიერი და ელეგანტური მოთამაშე იყო. მახსოვს, როგორ მიჭირდა მის წინააღმდეგ თამაში. ის ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი საუკეთესო ცენტრალური მცველია. მოედნის მიღმაც საოცარი პიროვნებაა. ის საფეხბურთო კერპია.
საუკეთესო მეკარედ კი ოლივერ კანს დავასახელებ. ჩემპიონთა ლიგაზე მიუნხენის “ბაიერნთან” ყოველთვის რთული მატჩები გვქონდა”, – რაულის კომენტარი Goal.com-მა გამოაქვეყნა.