რაული: “ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, სანამ “რეალის” მწვრთნელი გავხდები”
მადრიდის “რეალის” ლეგენდამ, რაულ გონსალესმა, რომელიც ამ დროისთვის “კასტილიას” მთავარი მწვრთნელის პოსტზე იღებს გამოცდილებას, მომავლის შესახებ ისაუბრა. რაული ხორხე ვალდანოს კომენტარს გამოეხმაურა, რომელმაც მას მთავარი გუნდის თავკაცობა უწინასწარმეტყველა.
“ხორხემ ყველაფერი ძალიან კარგად იცის. მე თავიდანვე აღვნიშნე, თუ რა მიზნით მოვდიოდი “რეალში”. თუმცა ჯერ კიდევ ბევრი მაქვს სასწავლი, სანამ “რეალის” მწვრთნელი გავხდები, ასე რომ, ამ დროისთვის მხოლოდ “კასტილიაზე” ვარ კონცენტრირებული,” – აცხადებს რაული.
შეგახსენებთ, რომ რაული “სამეფო კლუბის” ღირსებას 1994-2010 წლებში იცავდა. ამ დროის მანძილზე ესპანელმა თავდამსხმელმა “რეალის” მაისურით ჩატარებულ 741 შეხვედრაში 323 გოლის გატანა შეძლო. “ბლანკოსთან” ერთად რაული 6-ჯერ გახდა ესპანეთის ჩემპიონი, სამჯერ კი ჩემპიონთა ლიგის თასიც ასწია.