RB Leipzig: ახალი ძალა გერმანულ ფეხბურთში
RasenBallsport Leipzig 2009 წელს დაარსდა, მას შემდეგ, რაც ენერგეტიკული სასმელების მწარმოებელმა კომპანია Red Bull-მა გემრანიის მეხუთე დივიზიონის ბინადარი კლუბი “მარკრანშტადტი” შეიძინა. ახალ კლუბს მიზანიც დაესახა – დაარსებიდან 10 წელიწადში RB Leipzig-მა უმაღლეს დონის ფეხბურთი უნდა ითამაშოს. გეცოდინებათ, რომ Red Bull საკმაოდ ცნობილი ბრენდია და სპორტშიც აქტიურად დებს ინვესტიციებს. კომპანია ლაიფციგის გარდა კიდევ ხუთი კლუბის მფლობელია. მათი საერთო ღირებულება კი 3 მილიარდ გირვანქას აღწევს.
Red Bull-ის ინიექციამ გერმანიის ერთ-ერთ რიგით, პროვინციულ კლუბ “მარკრანშტადტს” პირველი წარმატება უკვე მოუტანა. 2009 წლიდან “RB ლაიპციგად” წოდებული კლუბის პროგრესი საოცარი ტემპით მიმდინარეობს. გუნდი ჯერ რეგიონალ ლიგაში აღზევდა, სადაც სამ წლიანი ყოფნის შემდეგ მესამე ბუნდესლიგაში გადავიდა. პირველივე სეზონი “ლაიპციგმა” საპრიზო ადგილებზე დაასრულა, რაც მეორე ბუნდესლიგაში გადასასვლელად საკმარისი იყო.
მათი პირველი სეზონი გემრანიის რანგით მეორე დივიზიონში საკმაოდ წარმატებულია. “ლაიფციგი” ამჟამად სატურნირო ცხრილის შუაში, მე-8 პოზიციაზეა და სეზონის ფინიშის წარმატებით ჩატარების შემთხვევაში მცირე სასწაულის მოხდენაც შეუძლია. თუმცა, გასაკვირი ამაში არაფერი იქნება, ვინაიდან RB-მ ზაფხულში მეორე ბუნდესლიგისთვის სარეკორდო 15 მილიონი გირვანქა დახარჯა ტრანსფერებზე.
პოტენციალი
მიუხედავად მწირი ისტორიისა, კლუბს უდიდესი პოტენციალი აქვს და ეს რა თქმა უნდა ფინანსური შესაძლებლობებიდან გამომდინარეობს. Red Bull-ის მფლობელის, დიტრიხ მატეშიცის თქმით, გუნდის გეგმებში გერმანიაში “ბაიერნის” დომინირების დასრულებაც კი შედის და ეს რეალურიც არის, როცა გუნდი მსოფლიოს ერთ-ერთი უმსხვილეს ბრენდს ეყრდნობა.
კომპანიამ “ლაიპციგის” პროექტი პრიორიტეტულად დაასახელა, რაც ძალიან მნიშვნელოვანია და გერმანიაში მათ ამბიციებზე მეტყველებს. აქამდე Red Bull-ი აქცენტს “ზალცბურგზე” აკეთებდა, რომელიც ავსტრიაში ნამდივლი გრანდია, თუმცა ადგილობრივი ლიგის სპეციფიკიდან გამომდინარე გუნდი საუკეთესო მოთამაშეების შენარჩუნებას ვერ ახერხებს და Red Bull-ის მთავარი ამოცანა, ჩემპიონთა ლიგის ჯგუფურ ეტაპზე თამაში აუსრულებელ ოცნებად რჩება.
ასე რომ, აქცენტი გაკეთდა ქვეყანაზე, სადაც ფეხბურთი გაცილებით მაღალ დონეზეა და შესაბამისად წარმატების მიღწევაც უფრო რეალურია. ბუნებრივია, ძლიერ გუნდს ძლიერი სპეციალისტები სჭირდება სათავეში და ამ მხრივ “ლაიფციგი” გამონაკლისი არ არის. გუნდის სპორტული დირექტორი საფრანგეთის ნაკრების და “ლივერპული” ყოფილი თავკაცი ჟერარ ულიეა. აქვე მუშაობს “შალკეს” ყოფილი დამრიგებელი რალფ რანგიკიც, რომელიც აქამდე დროს “ზალცბურგზე” და “ლაიფციგზე” თანაბრად ანაწილებდა, თუმცა Red Bull-ის გადაწყვეტილებით ამიერიდან ის აქცენტს მხოლოდ მათ გერმანულ პროდუქტზე გააკეთებს, რაც კიდე ერთხელ ადასტურებს ლაიფციგური იდეის პრიორიტეტულობას.
Red Bull Arena
ხარებს შესანიშნავი სტადიონი აქვთ, რომელიც გემრანიაში უსაფრთხოების მხრივ ერთ-ერთ საუკეთესო არენად ითველბა. ლაიპციგის 44 000 ტევადობის სტადიონი ხშირად სხვადასხვა კონცერტებსაც მოასპინძლობს. უახლოეს მომავალში კი ალბათ ბუნდესლიგის და შესაძლოა ევროპული საკლუბო ტურნირების შეხვედრებსაც მიიღებს.