“რეალი” გუნდში მაურისიო პოჩეტინოს მიყვანაზე ფიქრობს
მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელები უკვე დაფიქრდნენ კლუბის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან ზინედინ ზიდანის განთავისუფლებაზე და მისი შეცვლის პირველ კანდიდატურად მაურისიო პოჩეტინოს განიხილავენ. ამ ინფორმაციას ბრიტანული Daily Mail ავრცელებს.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგისა და ევროპის სუპერთასის ზედიზედ ორჯერ მოგების შემდეგ ზიზუს გუნდი არც თუ ისე სახარბიელოდა გამოიყურება. გასულ სამშაბათს ამ ყველაფერს “ტოტენჰემთან” განადგურებაც დაერთო – 3:1, “ბარსელონასთან” საშინაო ჩემპიონატში სხვაობა კი 8 ქულამდეა ასული.
კიდევ ერთი მიზეზი, რაც ზიდანის მაურისიო პოჩეტინოთი შეცვლას ამართლებს, ფლორენტინო პერესის სურვილია, შექმნას ახალი “გალაქტიკო”, რისთვისაც მისი აზრით გუნდში ჰარი კეინისა და დელე ალის დამატებაა საჭირო.
აღსანიშნავია ისიც, რომ პოჩეტინოსა და პერესს საკმაოდ კარგი ურთიერთობა აქვთ და ამას არც მალავენ. “პერესის მიმართ დიდ პატივისცემას ვგრძნობ და მოხარული ვარ, თუ ისიც ამავე გზით მიყურებს მე. პერესი ჩემთან ყოველთვის მეგობრულია,” – აცხადებს არგენტინელი სპეციალისტი.