“რეალი” კატალონიაში “ჟირონასთან” დამარცხდა (ვიდეო)
დღეს ლა ლიგა სანტანდერის მეათე ტურის შეხვედრები გაიმართა.
თავისი მატჩი ჩაატარა მადრიდის “რეალმა”, რომელიც კატალონიის ქალაქ ჟირონაში ამავე სახელწოდების გუნდს შეხვდა. დაძაბულ მატჩში ანგარიში მე-12 წუთზე გაიხსნა, როცა კრიშტიანუ რონალდუს დარტყმული მეკარემ მოიგერია, თუმცა ისკო ალარკონი დამატებაზე ზუსტი იყო – 0-1.
მეორე ნახევარში, 54-ე და 58-ე წუთებზე, შესაბამისად, კრისტიან სტუანიმ და პორტუმ შეძლეს კიკო კასილიას კარის ბადის შერხევა. “ჟირონას” წინ გასვლის შემდეგ, “ბლანკოსი” ბევრს ცდილობდა, მინიმუმ, გაეთანაბრებინა ანგარიში, თუმცა უშედეგოდ. ზინედინ ზიდანმა შეცვლაზე მარკო ასენსიო და ლუკას ვასკესი შემოიყვანა, რომლებიც ისკოსთან, რონალდუსა და ბენზემასთან ერთად უტევდნენ, მაგრამ ამ ყველაფერმა მადრიდელებს არაფერი არ მისცა.
საბოლოოდ, “ჟირონამ” ანგარიშით, 2-1 მოიგო. “ბლანკოსმა” კი, 27 წლის შემდეგ პირველად წააგო ლა ლიგის დებიუტანტ გუნდთან. კატალონიელები 12 ქულით მე-11 პოზიციას იკავებენ. დედაქალაქურ გუნდს 20 ქულა აქვს და მესამე პოზიციაზეა.