“რეალი” პიანიჩის შეძენას გეგმავს
არაა გამორიცხული, 25 წლის ფეხბურთელი ესპანეთის დედაქალაქში ვიხილოთ.
მოგეხსენებათ, ადრე ესპანური გამოცემა Marca იტყობინებოდა, რომ მადრიდის “რეალის” ხელმძღვანელობა მირალემ პიანიჩის შეძენით არის დაინტერესებული. ახლა კი “სამეფო კლუბის” წარმომადგენლები ფეხბურთელის მამას უნდა შეხვდნენ, რათა შესაძლო ტრანსფერზე მოლაპარაკებები გამართონ.
წყაროს თანახმად, თავად ბოსნიელ ნახევარმცველს “რეალში” გადასვლა ურჩევნია, მიუხედავად იმისა, რომ მის მიმართ ინტერესს ასევე “ბარსელონა” და მიუნხენის “ბაიერნი” გამოხატავენ.
პიანიჩის შესაძენად მადრიდელებს 45 მილიონი ევროს გადახდა მართებთ. ეს სწორედ ის ღირებულებაა, რომელიც ბოსნიელის “რომასთან” არსებულ პირად ხელშეკრულებაში, მის გამოსასყიდ თანხად არის გათვალისწინებული.
შეგახსენებთ, პიანიჩი რომაული კლუბის რიგებს 2011 წელს შეუერთდა. ამ დროიდან მოყოლებული, მან 165 მატჩის ჩატარება მოასწრო და მეტოქეთა კარი 27-ჯერ აიღო.