„რეალმა“ „ატლეტიკო“ განმეორებით მატჩშიც დაამარცხა და ფინალში გავიდა
ესპანეთის სამეფო თასის ნახევარფინალურ ეტაპზე მადრიდის „ატლეტიკოსა“ და „რეალს“ შორის განმეორებითი მატჩი გაიმართა. შეგახსენებთ, რომ პირველი შეხვედრა „სამეფო კლუბის“ დამაჯერებელი გამარჯვებით, ანგარიშით 3:0 დასრულდა. „რეალმა“ მეორე მატჩშიც მოახერხა გამარჯვების მოპოვება. შეხვედრის მე-7 წუთზე „ატლეტიკოს“ საჯარიმო მოედანზე კრიშტიანუ რონალდუ წაიქცა და მთავარმა არბიტრმა საეჭვო თერთმეტმეტრიანი დარტყმა დანიშნა, რომელიც გოლად თავად პორტუგალიელმა აქცია. დაახლოებით 10 წუთის შემდეგ სტუმრებმა მეორე პენალტის დარტყმის უფლება მიიღეს, ამჯერად მასპინძელთა საჯარიმოში გარეტ ბეილი წააქციეს. გოლი ამჯერადაც რონალდუმ გაიტანა. საბოლოო ჯამში, „სამეფო კლუბმა“ მეტოქე ანგარიშით 2:0 დაამარცხა (ორი მატჩის ჯამში 5:0) და ფინალის საგზური მოიპოვა, რომელშიც დიდი ალბათობით „ბარსელონას“ დაუპირისპირდება. კატალონიურმა გუნდმა ნახევარფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში „სოსიედადი“ ანგარიშით 2:0 დაამარცხა. განმეორებითი მატჩი 13 თებერვლის 01:00 საათზე დაიწყება.
ესპანეთის თასი
ნახევარფინალი (II მატჩი)
„ატლეტიკო“ — „რეალი“ 0:2 (0:2)
გოლები: რონალდუ 7′ (პენ), 16′ (პენ).
გაფრთხილებები: მირანდა 80′ — ილიარამენდი 36′, არბელოა 43′, რონალდუ 44′.