“რეალმა” “ელ კლასიკოში” გამარჯვებით ჩემპიონატში ლიდერობა დაიბრუნა (ვიდეო)
ესპანეთის ჩემპიონატის 26-ე ტურის ცენტრალური შეხვედრა “სანტიაგო ბერნაბეუზე” გაიმართა. “კამპ ნოუზე” უგოლოდ დასრულებული “კლასიკოს” შემდეგ, მადრიდში გულშემატკივრები გოლების ცვენას ელოდნენ.
შეხვედრის პირველი ნახევარი გარდამავალი უპირატესობით წარიმართა. მომენტები ორივე გუნდის კართან იქმნებოდა, თუმცა საბოლოო ჯამში უფრო სახიფათოდ “ლურჯ-ბროწეულისფრები” უტევდნენ. ტაიმი კვლავაც უგოლოდ დასრულდა.
შეხვედრის მეორე ნახევარი კი სრულად “რეალის” კარნახით წარიმართა, თუ არ ჩავთვლით ტაიმის საწყის ეპიზოდში სეტიენის გუნდის მიერ შექმნილ ერთი-ორ მომენტს. გარდამტეხი როლი ვინისიუს ჟუნიორმა ითამაშა, რომელიც მთელი მატჩის მიმდინარეობისას აქტიურობდა.
შეხვედრის 71-ე წუთზე ტონი კროოსმა ბრაზილიელ ვარსკვლავს ბურთი გააყოლა, ამ უკანასკნელმაც სისწრაფის ხარჯზე მარტივად შეისეირნა მეტოქის საჯარიმოში და მნიშვნელოვანი გოლიც გაიტანა. გაშვებული გოლის შემდეგ სტუმრებმა რეაბილიტაცია ვერ შეძლეს და ნაცვლად ამისა მეორე გოლიც გაუშვეს მატჩის მიწურულს – თავი ახლად შემოსულმა მარიანო დიასმა გამოიჩინა.
ასე რომ, ამ გამარჯვების შემდეგ “რეალმა” სატურნირო ცხრილში ლიდერობა დაიბრუნდა და 26 ტურის შემდეგ ერთი ქულით უსწრებს “ბარსელონას”. მომდევნო ტურში “რეალი” “ბეტისს” ეწვევა, ხოლო “ბარსელონა” “რეალ სოსიედადს” მიიღებს.