„რეალმა“ კროოსთან შეთანხმებას მიაღწია
ესპანური გამოცემა „მარკა“ იუწყება, რომ მადრიდის „რეალმა“ მიუნხენის „ბაიერნის“ ნახევარმცველ ტონი კროოსთან შეთანხმებას მიაღწია. 24 წლის ფეხბურთელი უახლოეს პერიოდში „სამეფო კლუბთან“ ხუთწლიან კონტრაქტს მოაწერს ხელს, სეზონის განმავლობაში კი ჯამაგირის სახით 5 მილიონ ევროს მიიღებს.
ტრანსფერის საბოლოოდ გასაჩარხად „ბაიერნის“ თანხმობაღა დარჩა. კლუბებს შორის უკვე მიმდინარეობს მოლაპარაკებები. კროოსის სავარაუდო ტრანსფერი 25-30 მილიონ ევროდ ფასდება.
შეგახსენებთ, რომ გერმანელ ფეხბურთელს „ბაიერნთან“ მოქმედი კონტრაქტი ერთი წლის შემდეგ ეწურება. კროოსმა ცოტა ხნის წინათ მიანიშნა, რომ ხელშეკრულების გახანგრძლივებას არ აპირებს.
გერმანელი ფეხბურთელი „ბუნდესთიმთან“ ერთად ბრაზილიაში მიმდინარე მსოფლიოს ჩემპიონატზე იმყოფება.