“რეალმა” “ლეონესას” 7 გოლი აკმარა (ვიდეო)
ახლახან დასრულდა ესპანეთის თასის, იგივე კოპა დელ რეის 1/16-ფინალური ეტაპის მატჩი “ლეონესასა” და მადრიდის “რეალის” მონაწილეობით, რომელიც როგორც მოსალოდნელი იყო, დედაქალაქელთა გამარჯვებით დასრულდა.
მატჩში ანგარიში მალევე, მატჩის მე-6 წუთზე გაიხსნა. ზივერლუნმა ბურთი საკუთარ კარში ჩაჭრა. 32-ე წუთზე მარკო ასენსიომ მეტოქის კარი აიღო და მასპინძლების ყველანაირი იმედი დაამსხვრია. პირველი ტაიმი 0-2 დასრულდა.
მატჩის მეორე ნახევარი კი გაცილებით უფრო უხვგოლიანი გამოდგა. მეორე ტაიმის დაწყებისთანავე (46′) მორატამ ანგარიშში სხვაობა სამამდე გაზარდა, 53-ეზე ასენსიომ დუბლი გაიფორმა, სამიოდე წუთში იგივე გააკეთა მორატამაც.
მატჩის 68-ე წუთზე თავისი გოლი ნაჩომაც გაიტანა, რასაც მასპინძელთა გოლი მოჰყვა – თავი 87-ე წუთზე ბენიამ გამოიჩინა. მატჩის ბოლო გოლი კი ახალგაზრდა დიასმა გაიტანა – 1-7.
განმეორებითი მატჩი “ბერნაბეუზე”, 30 ნოემბერს გაიმართება.