“რეალს” რონალდუს დაბრუნება არ სურს
მადრიდის “რეალი” გუნდის ყოფილი თავდამსხმელის, კრიშტიანუ რონალდუს დაბრუნებას არ აპირებს. ამის შესახებ ესპანური გამოცემა “მარკა” იუწყება.
დამდეგ სატრანსფერო პერიოდში მადრიდულ გუნდში პორტუგალიელი ფეხბურთელის დაბრუნება გამორიცხულია. “რეალს” აქცენტის გაკეთება ახალგაზრდა მოთამაშეებზე სურს. მნიშვნელოვანია რონალდუს სახელფასო განაკვეთის საკითხიც. მადრიდელები კლუბის ხარჯების შემცირებას ცდილობენ. რონალდუ დღესდღეობით წელიწადში 31 მილიონ ევროს გამოიმუშავებს და ეს თანხა მსოფლიოში შექმნილი რთული ეკონომიკური სიტუაციის გათვალისწინებით “რეალისთვის” მძიმე დარტყმა იქნება.
თავად რონალდუს “რეალში” დაბრუნება სურს. საუბრები აღნიშნულთან დაკავშირებით განსაკუთრებით მას შემდეგ გახშირდა, რაც ტურინის “იუვენტუსი” ჩემპიონთა ლიგის ადრეული სტადიიდან კიდევ ერთხელ გამოვარდა.
ფინანსური ფაქტორების მიუხედავად, “იუვენტუსის” გენერალურმა დირექტორმა ფაბიო პარატიჩიმ განაცხადა, რომ ზაფხულში რონალდუ გუნდს არ დატოვებს. პორტუგალიელ ფეხბურთელსა და “ბებერ სინიორას” შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებას ვადა 2022 წლის ზაფხულამდე აქვს.
კრიშტიანუ რონალდუმ იტალიის სერია A-ს მიმდინარე გათამაშებაში ჩატარებულ 24 მატჩში 23 გოლი გაიტანა.