“რეალში” მოდრიჩის შესაძლო შემცვლელის კანდიდატურა სახელდება
მადრიდის “რეალის” ნახევარმცველმა ლუკა მოდრიჩმა მიმდინარე სატრანსფერო პერიოდში გუნდი შესაძლოა, გამოიცვალოს. “ლა გაძეტა დელო სპორტის” ცნობით, მადრიდელები ხორვატი ფეხბურთელის შემცვლელად ტურინის “იუვენტუსის” ნახევარმცველ მირალემ პიანიჩის კანდიდატურას განიხილავენ.
გავრცელებული ინფორმაციით, მოდრიჩს “სანტიაგო ბერნაბეუს” დატოვება და მილანის “ინტერში” გადაბარგება სურს. ესპანელების ინტერესში ხორვატი ფეხბურთელის გაშვება არ შედის, თუმცა “სამეფო კლუბმა” თადარიგი უკვე დაიჭირა და მის შემცვლელად პიანიჩი ესახება.
გასულ სეზონში ლუკა მოდრიჩმა მადრიდის “რეალის” რიგებში 41 მატჩი ჩაატარა, ორი გოლი გაიტანა და შვიდი შედეგიანი გადაცემა მიითვალა. მირალემ პიანიჩმა ტურინის “იუვენტუსის” შემადგენლობაში 44 შეხვედრა ჩაატარა, შვიდი ბურთი გაიტანა და ცხრა საგოლე გადაცემა ჩაიწერა აქტივში.