რედნაპი: “არსენალი” “ტოტენჰემთან” ახლოსაც ვერ მივა”
ჰარი რედნაპმა პრემიერ ლიგის 2015-16 წლების სეზონის შეფასებისას ყურადღება ორ ლონდონურ გრანდზე, “არსენალსა” და “ტოტენჰემზე” გაამახვილა, რომლებიც ერთმანეთის პრინციპული მეტოქეები არიან.
შეგახსენებთ, რომ მთელი სეზონის განმავლობაში, “მამლები” “მეთოფეებზე” უკეთ გამოიყურებოდნენ, თუმცა ბოლოს, “ტოტენჰემმა” უდიდესი ფსიქოლოგიური დარტყმა მიიღო, რამაც გამოიწვია ის, რომ კლუბმა ბოლო 4 მატჩიდან ვერცერთის მოგება ვერ მოახერხა და “არსენალი” წინ გაუშვა.
“სატურნირო ცხრილში “ტოტენჰემზე” მაღლა ყოფნისთვის არსენ ვენგერი უდიდეს პატივისცემას იმსახურებს, თუმცა მე ზუსტად ვიცი, თუ რომელი გუნდი იყო უკეთესი.
გულახდილად რომ ვთქვა, “არსენალს” ძალიან გაუმართლა, რომ სეზონის მეორე ადგილზე დამთავრება შეძლო. მაგრამ, არსენს საკმაოდ ბევრი ფეხბურთელის ყიდვა დასჭირდება, რათა “სპურსთან” ახლოს მივიდეს.
მართალია, ახლა ისინი იმედგაცრუებას გრძნობენ, თუმცა საბოლოო ჯამში დიდებული სეზონი გამოვიდა. მათ ჩემპიონთა ლიგის საგზური მოიპოვეს, რაც შესანიშნავი რამ არის კლუბისათვის.” – განაცხადა “ტოტენჰემის” ყოფილმა ბოსმა (2008-2012).