რედნაპი: „დი მარიასა და ფალკაოს დამატება არ ნიშნავს, რომ ვან გაალი დიდი ტაქტიკოსია“
ინგლისის ნაკრების ექს-ნახევარმცველმა ჯეიმი რედნაპმა „მანჩესტერ იუნაიტედის“ მთავარი მწვრთნელის ლუი ვან გაალის მუშაობა შეაფასა.
„იმისთვის, რომ ანხელ დი მარია და რადამელ ფალკაო დაიმატო, აუცილებელი არაა დიდი მწვრთნელი იყო. „მანჩესტერ იუანტედის“ ნებისმიერი გულშემატკივარი იგივეს იზამდა, ამაში განსაკუთრებული არაფერია.
„ლესტერთან“ მატჩში დავრწმუნდით, რომ „იუნაიტედი“ ის გუნდი არ არის, რომელიც უნდა იყოს. „წითელ ეშმაკებს“ დაცვაში პრობლემები აქვთ, რადგან კლუბმა გამოცდილი ცენტრალური მცველი არ დაიმატა.
შუა კვირას მათ ჩემპიონთა ლიგის თამაში არ მოუწიათ, შესაბამისად, დაცვაში თამაშის გასაუმჯობესებლად გუნდს საკმარისი დრო ჰქონდა. პრემიერლიგის დებიუტანტისგან ხუთი გოლის გაშვებას არანაირი გამართლება არ აქვს“, – აღნიშნა რედნაპმა.