რედნაპი: “პავლიჩენკოს თარჯიმანს უფრო მეტი მუშაობა უწევდა, ვიდრე თავად ფეხბურთელს”
ინგლისელი მწვრთნელი, ჰარი რედნაპი “ტოტენჰემს” ოთხი წლის განმავლობაში თავკაცობდა.
ერთ-ერთ ინტერვიუში 69 წლის სპეციალისტმა პირველ ვარჯიშზე მომხდარი კურიოზი გაიხსენა, რომელიც მის ერთ-ერთ შეგირდს, რომან პავლიჩენკოს უკავშირდება.
“როცა ლონდონის “ტოტენჰემში” პირველ ვარჯიშზე მივედი, ვნახე, რომ პავლიჩენკოს საკუთარი თარჯიმანი ჰყავდა. თავდაპირველად, ამას განსაკუთრებული ყურადღება არ მივაქციე. პირველ საწვრთნელ სესიაზე გუნდს ფეხბურთი ვათამაშე. ერთ-ერთ მომენტში, რომანს რაღაც მითითება მივეცი. უცებ, ეს ბიჭი (თარჯიმანი ავტ.) ხაზიდან მოწყდა, პავლიჩენკოსკენ გაიქცა და სიტყვასიტყვით უთარგმნა, რაც მე მას დავუძახე.”
“თქვენ წარმოიდგინეთ, იმ დღეს ასე კიდევ 8-ჯერ მოხდა. ამის შემდეგ მივხვდი, რომ რომანის თარჯიმანს უფრო მეტი მუშაობა უხდებოდა, ვიდრე თავად ფეხბურთელს,” – განაცხადა რედნაპმა.