რემსი “იუვენტუსში” მიდის და ყველაზე მაღალანაზღაურებადი ბრიტანელი ხდება
ლონდონის “არსენალის” ნახევარმცველი აარონ რემსი კარიერიას იტალიის სერია A-ში გააგრძელებს. 28 წლის უელსელი ფეხბურთელი ზაფხულის სატრანსფერო პერიოდში ტურინის “იუვენტუსში” გადავა.
“ბიბისის” ინფორმაციით, მხარეებმა შეთანხმებას უკვე მიაღწიეს და წინასწარი კონტრაქტიც გააფორმეს. რემსის “არსენალთან” შრომითი ხელშეკრულება მიმდინარე წლის 30 ივნისს ეწურება. შესაბამისად, ის “ბებერ სინიორას” თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდება.
წყაროს თანახმად, აარონ რემსის ყოველკვირეული ხელფასი 400 ათასი გირვანქა სტერლინგი იქნება და საბაზისო ჯამაგირით ის ყველაზე მაღანაზაღაურებადი ბრიტანელი ფეხბურთელი გახდება. მხარეებს შორის ოთხწლიანი კონტრაქტი გაფორმდება.
შეგახსენებთ, რომ აარონ რემსი “არსენალში” 2008 წელს “კარდიფ სიტიდან” 4,8 მილიონი გირვანქა სტერლინგის სანაცვლოდ გადავიდა. ამ 11-წლიანი პერიოდის განმავლობაში მან “მეთოფეთა” ფორმა 259 მატჩში მოირგო და 61 გოლი გაიტანა.