რევაზ ძოძუაშვილი: „საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას“
დღეს, ქუთაისის „ტორპედომ“ თბილისის „ვიტ ჯორჯიასთან“ ხვალ გასამართ მატჩამდე ბოლო ვარჯიში ჩაატარა, რომელშიც მთლიანი აქცენტი ბურთის გამოყენებით მომზადებაზე გაკეთდა. შუა დღეს, ქვეყნის 3-გზის ჩემპიონი დედაქალაქში გაემგზავრება და სასტუმრო „ბატესტაში“ დაბინავდება.
მოახლოებული შეხვედრის წინ კომენტარი ვთხოვეთ ჩვენი გუნდის მთავარ მწვრთნელს.
რევაზ ძოძუაშვილი: „ძალიან გვინდა, რომ ჩემპიონატის ბოლო აკორდები ნორმალურად ჩავატაროთ, მოგეხსენებათ, უკვე კარგა ხანია ვიცით, რომ უმაღლეს ლიგაში დარჩენილები ვართ, აქედან გამომდინარე, მწვრთნელები ვაპირებთ ახალგაზრდა თაობის წარმომადგენელთა გამოცდას დარჩენილ თამაშებში. ჩვენ მივცემთ თავიანთი პოტენციალის გამოვლენის საშუალებას იმ ბიჭებს, რომლებზეც გარკვეული იმედები გვაქვს და ვფიქრობთ, რომ ახალ სეზონში გამოგვადგებიან ძირითადი შემადგენლობისთვის. ამდენად, შეიძლება ითქვას, საკმაო ყურადღებას ვაქცევთ სამომავლო შევსებას, თუმცა, რასაკვირველია, ამასთან ერთად მიზნად გვაქვს ქვედა ექვსეულში პირველი ადგილის დაკავებაც და ვეცდებით, რომ ეს ორივე საქმე გავაერთიანოთ“.
FCTorpedo.GE