რიგითების ამარა, გენერლების გარეშე
ცხოვრებისეულმა გამოცდილებამ, სფეროსადმი ინტერესმა და ბოლო დროს შექმნილმა გარემოებებმა ე.წ. სარაგბო ჟურნალისტად მაქციეს. წლების განმავლობაში უმეტსად სწორედ ოვალურ ბურთზე ვწერდი, ვლაპარაკობდი და ვაჩვენებდი. და მაინც, გადავწყვეტ თუ არა სპორტზე რამის დაწერას პირველი ფეხბურთი მახსენდება. ალბათ იმიტომ, რომ ამ სახეობას ჩვენში ყველაზე მეტად უჭირს. თუმცა, არამც და არამც ფინანსურად. ქართულ ფეხბურთში ფული იმაზე გაცილებით მეტია ვიდრე ბევრ სხვა სახეობაში (თანაც საკმაოდ პოპულარულ სახეობაში) ერთად აღებული. შიმშილის ზღვარზე არც ერთი პროფესიონალი ფეხბურთელი არაა და არც “ტაქსაობა” უწევს თავის გასატანად. მას არ აქვს იმის საზრუნავი, რომ შეიძლება ხვალ ვარჯიშზე მისასვლელად ფული არ ჰქონდეს ან სუფთა სავარჯიშო ტანსაცმელი არ მოეპოვებოდეს (იგივე რაგბიში მსგავსი პრობლემები უხვადაა). ქართული ფეხბურთის პრობლმა სულ სხვაა – მას სულიერად უჭირს; ღირებულებათა სისტემა აქვს არეულ-დარეული და დალაგებას ვერ ახერხებს, ან სულაც არ ცდილობს.
მე არ ვიცნობ გუნდების შიდა სამზარეულოს, არ ვარ და არ ვყოფილვარ, რომელიმე კლუბთან რაიმე სახით დაკავშირებული. და საერთოდ, ჩემ სანაცნობოში სულ ორიოდ ფეხბურთელი თუ გამოერევა, ამიტომ სულიერ კრიზისზე ლაპარაკი მხოლოდ იმ ნიშებით შემიძლია, რაც უხვადაა გაბნეული ჩვენს გარშემო.
რამდენადაც ბანალურად არ უნდა ჟღერდეს დღეს თბილისის უბნებში ფეხბურთს აღარ თამაშობენ და ეს პირველი ნიშანია კრიზისისა. ჩემ ბავშვობაში, იმის გამო, რომ მოედანი არ გვქონდა, ორმოებიან ეზოში კარებებს აგურებისგან ვაკეთებდით და დილიდან საღამომდე “მარაკანა” გვქონა, ახლა კი მარტო ჩემი კორპუსის გარშემო 3 “გაწიკწიკებული” მინი-სტადიონია და სამივე ცარიელი. ალაგ-ალაგ თუ გააგორებენ ხოლმე ბურთს ბიჭ-ბუჭები, მაგრამ ამასაც იმისთანა გინება და ბილწსიტყვაობა ახლავს, რომ ვეღარ ვიგებ როდისღა თამაშობენ ფეხბურთს. მათთვის ფეხბურთი იდეალი არაა, უფრო ის ფეხბურთელია იდეალი, რომელიც მაგრად თამაშობს და ბევრ ფულს შოულობს. ვისი ბრალია ეს აღზრდის? განთლების? ფეისბუქის? – უფროსების!
“მიდი მამა, შენც ჩაარტყი, ხო ხედავ არ უსტვენს ჩარტყმაზე!” – ქუჩაში მიმავალმა გავიგონე, როცა ერთი საფეხბურთო სკოლის გვერდით ჩავიარე. დავინტერსდი და გავარკვიე, რომ მზრუნველი მშობელი ასე 8 წლის ბავშვს მიმართავდა და ესეც მეორე ნიშანი. არც მშობლებისთვისაა ფეხბურთი იდეალი, არამედ შვილის სარფიანად გამოზრდა-გასაღება. მათ არ უნდათ ისეთი შვილით იამაყონ, რომელიც დიდი შრომით მწვერვალს მიაღწევს. მიაჩნით, რომ კარიერის გაკეთებაში აუცილებლად “ხელი უნდა წაუკრან”, იმას კი ვერ ხვდებიან, რომ ბავშვს დიდი მომავლისთვის ბრძოლის უნარს უკლავენ და მცირედით დაკმაყოფილებას აჩვევენ. ხომ გაგიგონ იათ ის გამოთქმა: “არ არსებობს ჯარისკაცი, გენერლობაზე რომ არ ოცნებობდესო”, ჰოდა ქართველ ფეხბურთელებს გენერლობაზე ოცნებას ბავშვობაშივე უკლავენ და მუდმივ რიგითებად ტოვებენ.
ზრდასრული, პროფესიონალი მოთამაშეები ეროვნულ ნაკრებში სათამაშოდ არ ჩამოდიან. ამაზე მეტი რაღა ნიშანი გინდა! ეზარებათ, თავს ინახავენ, მწვრთნელი არ მოსწონთ, მიკროტრავმა აწუხებთ, “ვეზუვი” ამოიფრქვა ხელმეორედ, ძაღლმა იმშობიარა, პარიზში მოდის კვირეული დაიწყო… არც ერთი მიზეზი საპატიო არაა, როცა შენთვის ნაკრები ნაკრებია. მაგრამ, როგორც ჩანს უკუღმართმა დრომ ესეც გააუფერულა და ჩვეულებრივთა რიგში ჩაააყენა.
რახან ჯიგარზე მიდგა ლაპარაკი ერთ ფრაზას გავიხსენებ, რომელიც ნაკრების ყოფილ მთავარ მწვრთნელ ექტორ რაულ კუპერს უთქვამს. თან ისე გავიხსენებ, როგორც გადმომცეს. ბოლო-ბოლო ბლოგია და ცენზურის ქვშ ვერავინ მომაქცევს. არგენტინელს უთქვამს: “საქართველოში ვინც ფეხბურთის თამაში იცის იმას კვერცხები არა აქვს (იმედია ხვდებით, რომ ქათმის კვერცხები არ უგულისხმია) და ვისაც კვერცხები აქვს, იმან თამაში არ იცისო”. ცუდი მოსასმენია, როცა შენზე ასეთ რამეს ამბობენ, მაგრამ, ვფიქრობ, ესეც მიშანია და თან როგორი ნიშანი.
ყველა ეს ნიშანი იმისკენ მიგვითითებს, რომ ჩვენში ფეხბურთის გაგებამ სახე იცვალა და მასობრივი სიამოვნების საგნიდან, ერთეულთა ვიწრო მოთხოვნილებების დაკმაყოფილების საშაულებად იქცა. დღეს საქართველოში ფეხბურთი მიზანი აღარაა, ესაა საშუალება და, ვფიქრობ, სწორედ ესაა შეცდომა. ქართული ფეხბურთი იდეალისტი, რომანტიკოსი ფეხბურთელების გადაშენებამ მოკლა, იმ კვერცხებიანი ჯარისკაცებისა, რომელებიც გენერლობაზე ოცნებობენ.
ნიკა ჩალათაშვილი