რიო 2016: ოლიმპიურ აუზში წყალი გამწვანდა
გუშინ, ოლიმპიურ აუზში, სადაც მყვინთავების შეჯიბრება მიმდინარეობდა, მთავარი ფერი მწვანე იყო და არა ოქროსფერი – გაურკვეველი მიზეზების გამო, აუზში არსებული წყალი გამწვანდა.
რა თქმა უნდა, წყლის ფერს გავლენა არ მოუხდენია ჩინელ სპორტსმენებზე, რომლებმაც ზედიზედ მესამე ოქროს მედალი მოიპოვეს. თუმცაღა, კონტრასტი გვერდი-გვერდ მდებარე ორ აუზს შორის აშკარად შესამჩნევი იყო.
როგორც იცით, დაბინძურებული წყალი რიოს ერთ-ერთი მთავარი პრობლემაა, თუმცა ეს ხდეება ოკეანესა და ტბებში და არა საცურაო აუზებში. ორგანიზატორებმა აღნიშნულ ფაქტს ზუსტი ახსნა ვერ მოუძებნეს, თუმცა პირობას იძლევიან, რომ ამ საქმეს გამოიძიებენ.
ბრაზილიის ოლიმპიური თამაშების ერთ-ერთმა ორგანიზატორმა ამ მოვლენის სავარაუდო მიზეზებზე ისაუბრა: “ძლიერმა სიცხემ და ქარის არარსებობამ წყალმცენარეების გააქტიურება გამოიწვია. ყველანაირი ტესტი ჩავუტარეთ წყალს. ხვალ აუზი ისევ ლურჯი იქნება.”