რიო ფერდინანდი: “ბენზემას სახელს მომდევნო ოქროს ბურთზე უკვე უნდა წერდნენ”
ვეტერანმა ინგლისელმა ფეხბურთელმა და BT Sport-ის მიმომხილველმა, რიო ფერდინანდმა “ჩელსისა” და “რეალს” შორის გამართული მატჩის შემდეგ კარიმ ბენზემაზე ისაუბრა.
როგორც იცით, ჩემპიონთა ლიგის მეოთხედფინალური ეტაპის პირველ შეხვედრაში “სამეფო კლუბმა” “ჩელსი” ლონდონში 1:3 დაამარცხა, მადრიდელთა მხრიდან სამივე გოლი სწორედ ფრანგმა თავდამსხმელმა გაიტანა.
“კარიმ ბენზემას სახელს მომდევნო ოქროს ბურთზე უკვე უნდა წერდნენ. მან ამ დაპირისპირების ბედი გადაწყვიტა. გუნდს ლა ლიგაში პირველ ადგილზე მიუძღვება. როცა კრიშტიანო რონალდუ “რეალში” თამაშობდა, ბენზემა ჩრდილში იყო, თუმცა ახლა კარგად ჩანს, რამდენს ნიშნავს ის გუნდისათვის. 34 წლის ასაკში კარიმი მსოფლიოს საუკეთესო ცხრიანია. ეს სულ სხვა დონეა. გოლები, საგოლე გადაცემები, მოედანზე გადაადგილება, თამაშის ტემპის კონტროლი”, – განაცხადა ფერდინანდმა.