რიო ფერდინანდი მოკრივეობას აპირებს
“ტელეგრაფის” ცნობით, “მანჩესტერ იუნაიტედისა” და ინგლისის ნაკრების ყოფილი მცველი რიო ფერდინანდი პროფესიონალ მოკრივედ გახდომას აპირებს. რამდენიმე დღის წინ ინგლისელმა განაცხადა, რომ 19 სექტემბერს მნიშვნელოვან განცხადებას გააკეთებს. ბრიტანელი ჟურნალისტები ვარაუდობენ, რომ ფერდინანდი სწორედ მოკრივის კარიერის დაწყების შესახებ ამცნობს საზოგადოებას.
იანვარში რიო ფერდინანდმა ხუმრობით საბრძოლველად ენტონი ჯოშუა, დევიდ ჰეი და ტონი ბელიუ გამოიწვია. გარდა ამისა, ინგლისელმა სოციალურ ქსელში ტაისონ ფიურის ბრძოლის ამსახველი ვიდეოფრაგმენტი ატვირთა.
რიო ფერდინანდი პირველი ფეხბურთელი არ იქნება, რომელიც კრივში გადაინაცვლებს. მანამდე ამგვარად “შეფილდ იუნაიტედის” ნახევარმცველი კერტის ვუდჰაუსი მოიქცა, რომელმაც 2006-დან 2014 წლამდე პროფესიულ რინგზე 22 ბრძოლა ჩაატარა, რის შემდეგაც ფეხბურთში დაბრუნდა და სამწვრთნელო საქმიანობა დაიწყო.
რიო ფერდინანდს “ვესტ ჰემში”, “ბორნმუთში”, “ლიდსში” უთამაშია, კარიერის უდიდესი ნაწილი კი “მანჩესტერ იუნაიტედში” გაატარა, რომლის რიგებშიც 14 ტიტული მოიპოვა, მათ შორის ექვსჯერ ინგლისის ჩემპიონი გახდა, ერთხელ კი – ჩემპიონთა ლიგის გამარჯვებული. მან ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში 81 შეხვედრა ჩაატარა და სამი გოლი გაიტანა. რიო ფერდინანდმა პროფესიული კარიერა 2015 წელს “ქუინს პარკ რეინჯერსის” რიგებში დაასრულა.