რიო ფერდინანდმა ჰარი კეინს შეაქო და რომელუ ლუკაკუ დააკნინა
ლონდონის “ტოტენჰემსა” და “მანჩესტერ იუნაიტედს” შორის გამართული მატჩის (2:0) შემდეგ, რიო ფერდინანდმა რომელუ ლუკაკუ ჰარი კეინს შეადარა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის მათ შორის განსხვავება ძალიან დიდია.
“ვფიქრობ, დღეს კეინმა ყველას დაუმტკიცა, თუ რატომაა ჩემპიონატის საუკეთესო თავდამსხმელი და ამავდროულად, მსოფლიოს ერთ-ერთი უძლიერესი ფეხბურთელი.
მან ნათლად დაჩაგრა “იუნაიტედის” მცველები. ფიზიკურად მან ყველას აჯობა და სხვა ფეხბურთელებსაც უხსნიდა სივრცეებს. კონტრასტი მასსა და ლუკაკუს შორის საკმაოდ ადვილი დასანახი იყო. განსხვავება დაუჯერებლად დიდი ჩანდა.
როდესაც ბურთი კეინს მისდიოდა, ის მას იწებებდა, ცენტრალურ მცველებს იწვევდა და ამით სხვებს თამაშის საშუალებას აძლევდა. სწორედ ასეთი უნდა იყოს ნამდვილი ცხრა ნომერი,” – აცხადებს ფერდინანდი.
შეგახსენებთ, რომ კეინი პრმეიერ ლიგის ბომბარდირთა დავას 21 გატანილი გოლით ლიდერობს, ლუკაკუს ანგარიშზე კი 11 გოლია.