რიო ფერდინანდმა კარიერა დაასრულა
ინგლისის ნაკრებისა და “მანჩესტერ იუნაიტედის” ყოფილმა მცველმა რიო ფერდინანდმა პროფესიონალური კარიერის დასრულების შესახებ გადაწყვეტილება მიიღო.
როგორც მოგეხსენებათ, 36 წლის ინგლისელმა ფეხბურთელმა ბოლო სეზონი ლონდონის “ქუინს პარკ რეინჯერსში” გაატარა, რომელიც ჩემპიონშიფში დაქვეითდა.
“18-წლიანი კარიერის შემდეგ მივხვდი, რომ ახლა კარგი დროა, თავი დავანებო იმ თამაშს, რომელიც ასე მიყვარს.
12 წლის ასაკში, როდესაც პეკემის უბანში ბურთს დავდევდი, ვერასდროს წარმოვიდგენდი, რომ ჩემი ბავშვობის საოცნებო გუნდ “ვესტ ჰემში” ვითამაშებდი, ვუკაპიტნებდი “ლიდს იუნაიტედს”, “მანჩესტერ იუნაიტედთან” ერთად მოვიგებდი ჩემპიონთა ლიგას, დავუბრუნდებოდი ჩემს პირველ მწვრთნელ ჰარი რედნაპს “ქუინს პარკში”
ვამაყობ ინგლისის ნაკრებში ჩატარებული 81 მატჩით. ეს არის ის მოგონება, რომელიც სიცოცხლის ბოლომდე გამყვება”, – ციტირებს რიო ფერდინანდის სიტყვებს BT Sport-ი.
ფერდინანდმა “მანჩესტერ იუნაიტედში” გატარებული 12-წლიანი კარიერის განმავლობაში ექვსჯერ მოიგო ინგლისის პრემიერლიგა, ერთხელ ფეხბურთის ასოციაციის თასი, სამჯერ ლიგის თასი, მოიგო ჩემპიონთა ლიგის თასი და უეფას სუპერთასი, გახდა საკლუბო მსოფლიოს ჩემპიონატის გამარჯვებული.