რიოში თომას ბახთან ერთად
ქართველ ოლიმპიელთა პირველი 42-კაციანი ჯგუფი უკვე XXXI ოლიმპიური თამაშების დედაქალაქშია.
ჩვენი სპორტსმენები და დელეგაციის სხვა წევრებიFავიაკომპანია “ლუფტჰანზას” რეისით, მიუნხენისა და ფრანკფურტის გავლით, დილაადრიან ჩამოფრინდნენ რიოში. მათ აეროპორტში დახვდნენ საქართველოს ოლიმპიური მისიის ხელმძღვანელები და ბრაზილიაში ჩვენი საელჩოს წარმომადგენლები.
საინტერესოა, რომ ფრანკფურტიდან რიოში ამავე რეისით იმგზავრა საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტის პრეზიდენტმა თომას ბახმა, რომელსაც თან ახლდა უცვლელი თანაშემწე – ჩვენი თანამემამულე მარინა ბარამია.
სოკ-ის პრეზიდენტმა აეროპორტში ჟურნალისტებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ ეს თამაშები იქნება მსოფლიოს სპორტის ნამდვილი ზეიმი, სავსე ზღვა სიხარულითა და დაუვიწყარი ემოციებით: “აეროპორტშივე იგრძნობა ოლიმპიური ენერგია. ეს არის ქალაქი, სადაც უამრავ მომღიმარე მოხალისეს და სპორტის გულშემატკივარს შეხვდებით. ვითვალისწინებ რა სპორტის მიმართ, ბრაზილიელების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას, მე დიდი იმედი მაქვს, რომ ეს იქნება მართლაც დაუვიწყარი თამაშები ფანტასტიკურ ატმოსფეროში. ჩვენ ველოდებით დიდ თამაშებს, ჩვენ ყოველთვის გვჯეროდა ბრაზილიისა და ბრაზილიელების.”
როგორც კი თომას ბახმა რიო-2016-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარესთან კარლოს ნუზმანთან ერთად დატოვა აეროპორტის ჩამოფრენის ზონა, გამოსასვლელში პირველები გამოჩნდნენ ჩვენი დელეგაციის წევრები. საბაჟო, სასაზღვრო და სააკრედიტაციო პროცედურების გავლის შემდეგ, ისინი გაემგზავრნენ ოლიმპიულ სოფელში, რომელიც აეროპორტიდან ერთი საათის სავალზეა. მათ გზაშივე მიიღეს პირველი ინფორმაცია საცხოვრებელში განთავსების, საწვრთნელ პროცესში ჩართვის, სხვადასხვა ტექნიკური საკითხების შესახებ. ოლიმპიურ სოფელში დაბინავებულთა შორის არიან სპორტის 9 სახეობის (ძიუდო, მშვილდოსნობა, ძალოსნობა, ტყვიის სროლა, მძლეოსნობა, ფარიკაობა, მხატვრული ტანვარჯიში, ბატუტზე ხტომა, ცურვა) წარმომადგენლები. სამედიცონო ჯგუფის წევრები სოფელში შესვლისთანავე შეუდგნენ სამასაჟო-საპროცედურო ოთახების მოწყობას. როგორც ოლიმპიური გუნდის მთავარმა ექიმმა ზურაბ კახაბრიშვილმა გვითხრა, ჩვენი ოლიმპიელები თავს კარგად გრძნობენ (2-3 სპორტსმენს უმნიშვნელო ტრავმა აქვს) და შეჯიბრებამდე საკმარისი დრო აქვთ იმისთვის, რომ სრულყოფილად გაიარონ აკლიმატიზაციის პროცესი.